ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ახლა, მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ პუტინს ხელს ჩამოართმევენ – უკრაინის გენპროკურორი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის შეფასებით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ, ისტორიულია.

მისივე თქმით, მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია.

“ახლა, თუ პუტინი დატოვებს რუსეთს, მას დააპატიმრებენ ან გადასცემენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. ახლა, მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიუსხდებიან. ეს არის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი, რომ პუტინის რეჟიმი კრიმინალურია”, – ამბობს პროკურორი

კოსტინი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი სულ 16,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული.

“უკრაინაში ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის 16,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული. ჩვენ ვშიშობთ, რომ რეალური რიცხვები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. რუსეთი ფაქტობრივად ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ და საზარელი დანაშაულისთვის ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს”, – ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

იტვირთბა....