პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უარი თქვა წინადადების განხილვაზე, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას ითვალისწინებს.
საუბარია ორგანიზაცია “დაიცავი შენი უფლებების” მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც კომიტეტმა, შინაარსის განხილვის გარეშე უარყოფითად ცნო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, იურიდიულ კომიტეტს საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია. ამის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და 200 ათას ამომრჩეველს აქვს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკონონმდებლო წინადადებას თან ერთვის პარლამენტის 150 წევრის სია, სადაც მითითებულია, რომ პროექტზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება პარლამენტის წევრებს ენიჭება, თუმცა მასზე არც ერთი დეპუტატის ხელმოწერა არ არის.
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე იყო, რომელიც ამბობდა, რომ პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან კანონპროექტზე ხელის მოწერის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.