ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალის მკვლელობის ახალი დეტალები: „7 თვის ორსული პირველი ცოლიც აბაზანაში გაიგუდა“

22 თებერვალს, ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.

როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ოთარ მამფორიას პირველი მეუღლეც სწორედ იმ ბინაში ნახეს გარდაცვლილი, სადაც აღნიშნული მკვლელობა მოხდა.

„ოთარი დაახლოებით 10 წელია, აქ ცხოვრობს. ეს მისი პირველი მეუღლის ბინაა, რომელიც ასევე, გარდაცვლილია. პირველი მეუღლე ეპილეფსიით დაიღუპა. მეორე ბავშვზე 7 თვის ორსული იყო. აბაზანაში შევიდა და მოულოდნელად, ეპილეფსიის შეტევა დაემართა. 28 წლის იყო ის გოგო, თავი დაარტყა ამ კრუნჩხვების დროს აბაზანას. ეს იყო დაახლოებით, 6 წლის წინათ“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

ამავე თემაზე საუბრობს მამფორიას პირველი ცოლის ნათესავი, ცოლის ძმის სიდედრიც.

„ბედი არ ჰქონია ამ საწყალ კაცს. პირველი ცოლიც მოუკვდა, 7 თვის ორსული, აბაზანაში გაიგუდა ის გოგო. მაშინაც ასე არავინ არ იყო სახლში. ახლა ამ მეორესაც ასეთი უბედურება დაემართა“, – აღნიშნავს რესპონდენტი.

მეზობლებთან საუბრისას „პრაიმტაიმმა“ ასევე, გაარკვია, რომ, როგორც ჩანს, მკვლელი ოჯახს კარგად იცნობდა.

„ნონა რომანაძისთვის დილის სტუმარი უცხო რომ არ იყო, ამას რამდენიმე გარემოება ადასტურებს. კერძოდ, მეზობლები ყვებიან, რომ გამოძიებამ ბინაში ორ ადამიანზე განკუთვნილი ყავის ჭიქები იპოვა. ცხადია, უცნობ ადამიანს არც სახლში შეიპატიჟებდა და მითუმეტეს, არც ყავას მოუდუღებდა. საგულისხმოა ისიც, რომ რომანაძის ცხედარი საძინებლის სამოსით, ე.წ. პიჟამოთი აღმოაჩინეს, რაც, ასევე, მიუთითებს, რომ მკვლელთან მას საკმაოდ შინაურული დამოკიდებულება ჰქონდა“, – წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალაში დედა-შვილი რამდენიმე დღის წინ  მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალს ყელი აქვს გამოჭრილი, ხოლო ოთხი წლის ბავშვი დამწვარია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დედა-შვილის მკვლელობის საქმეში ძარცვის ფაქტი არ დასტურდება, რადგანაც ფული და ძვირფასეულობა სახლიდან არ არის გატანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....