3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა.
მას შემდეგ, რაც 9 წლის შვილი დაკრძალეს, დაშავებული მეორე შვილი ოჯახმა წუხელ, 14 მარტს, თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.
დაშავებული ბავშვის მკურნალი ექიმები ბათუმში გუშინ აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულისთვის აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს დღეს სასამართლომ. პროკურატურამ 64 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა – მუხლი, რომლის დარღვევაშიც დაკავებულს ადანაშაულებენ
გულისხმობს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა ბათუმში 11 მარტს, ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ბულვარში ბატუტი გადაბრუნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა – მიღებული დაზიანებების გამო 9 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.