სიღნაღის რაიონში ცოცხების ბიზნესით დაკავებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ – ამის შესახებ სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა გელაშვილმა პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქის მერია პლასტმასის ცოცხების შემოტანას გეგმავს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს პრობლემებს შეუქმნის.
„რაიონში შეწუხებული დამხვდა 15 კაცი, რომლებიც ცოცხის დამზადებით არიან დაკავებული. მათ მითხრეს, რომ ჩვენი ქალაქის მერია აპირებს ტენდერის გამოცხადებას პლასტმასის ცოცხებზე, რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ. ისინი შიშის ქვეშ არიან, რომ ამ ბიზნესს ვეღარ აწარმოებენ. მათ უკან სადღაც 500-600 კაცია დასაქმებული და იქნებ ეს ძალიან კარგად გავაკონტროლოთ. მეც დავინტერესდები და იქნებ თქვენც ჩაერთოთ, რადგან გვაქვს ჩვენ მაგის რესურსი, რომ ცოცხი აქ ვაწარმოოთ და კიდევ ვალუტაზე არ ვიყიდოთ უცხოეთიდან“,- აღნიშნა სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
გელა გელაშვილის გამოსვლამ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის სიცილი გამოიწვია. რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს ცოცხი მოსახლეობას ცოტა ცუდად აქვს დაცდილი“.
„მეტრონომი“ ადგილობრივ მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი იციან.