ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულის კვალდაკვალ: მეტროპოლიტენის თანამშრომლები მასობრივ გაფიცვას გეგმავენ

დღეს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა  პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია გამართა. მეტროსადგურ „დიდუბის” სადგურთან თანამშრომელთა ნაწილთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის “ერთობა-2013″-ის წევრები იმყოფებიან.

„ერთობა 2013”-ის თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა ბარბაქაძის განცხადებით, დღეს ისინი წერილობით  ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას მიმართავენ. მემანქანეები ხელფასების მომატებას ლარის კურსის შესაბამისად ითხოვენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ანაზღაურება  წელთა ნამსახურების მიხედვით ჰქონდეთ და ღამის საათებში მათი მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.

როგორც „მეტრონომს“ ერთ-ერთმა მეტროპოლიტენის თანამშრომელმა განუცხადა, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ მათი მხრიდან საერთო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამბობს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ მემანქანეები არიან გაფიცულები, მაგრამ შიდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საღამოსთვის მეტროს ყველა თანამშრომელი გაფიცვას შეუერთდება.

თბილისის მერი დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები არ მოემატებათ.

„მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.

„მეტრონომი“ ამ საკითხზე მუშაობს და ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

იტვირთბა....