ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში გაფიცვა დასრულდა: როგორი ხელფასები და პირობები აქვთ მეშახტეებს უცხოეთში?

 

ტყიბულში გაფიცულებს, პროფკავშირის, საწარმოს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. საწარმომ გაფიცულებს დაუყოვნებლივ 7%-თ სახელფასო ზრდა შესთავაზა. აპრილის დასაწყიში კი დამატებით 3%- ხელფასების გაზრდა. ასევე, საწარმო თანახმაა გაცდენილი დღების ნახევარი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. აგრეთვე, გადაიხედება შრომის პირობები.

“შეთანხმების პროცესს მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცულების მცირე ნაწილი ესწრებოდა, ისინი აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდნენ. დანარჩენი გაფიცულებისთვის კი ამ შეთავაზების შესახებ უცნობია, რადგან მოლაპარაკების დასრულებისას ადგილზე არ იმყოფებოდნენ. კომპანიის შეთავაზებას დათანხმებული მეშახტეები ვალდებულნი არიან ხვალ 12 საათიდან სამუშაოს დაუბრუნდნენ” – ამბობს EMC- ის იურისტი ანანო ცინცაბაძე.

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. გაფიცულები ხელფასის მატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

“მეტრონომი” დაინტერესდა რა ვითარებაა ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში. როგორი ხელფასები და პირობები აქვთ მეშახტეებს ამა თუ იმ ქვეყანაში.

ავსტრალია- 6 933 აშშ დოლარი

კანადა- 4 70 აშშ დოლარი

დიდი ბრიტანეთი – 2 184 გირვანქა სტერლინგი

გერმანია – 2 785 ევრო

რუსეთი – 13,518 რუბლი (დაახლოებით 450 ლარი)

საქართველოში მაღაროელების საშუალო ხელფასი მხოლოდ 500 ლარია.

გარდა ანაზღაურებისა, ცივილიზებულ ქვეყნებში მეშახტეებზე როგორც მათი დამქირავებლები, ისე სახელმწიფო გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იღებს ვიდრე საქართველოში. ამ მიმართულებით ცივილიზებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმაშიც გამოიხატება, რომ უბედური შემთხვევისა და სამუშაო პირობების დარღვევების ფაქტები რეაგირების გარეშე არ რჩება და კომპანიები იძულებულნი ხდებიან, სოლიდური ჯარიმები გადაიხადონ განსხვავებით საქართველოსგან, სადაც მეშახტის სამუშაო პირობები ძალიან ჩამორჩება დარგის ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. საქართველოში მეშახტეების შრომის პირობები მსოფლიო პრაქტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავს, როდესაც საუბარია „მესამე სამყაროს“ პრაქტიკაზე.

აშშ-ში მოქმედებს Black Lung Benefits Act (ანთრაკოზით დაავადებული ადამიანების სარგებელის აქტი). აქტის მიხედვით, ყოველ მეშახტეს, რომელიც პნევმოკონიოზის ერთ-ერთი სახით, ანთრაკოზით არის დაავადებული, ყოველთვიური ხელფასი და სამედიცინო მომსახურება ენიშნება. ანთრაკოზი  ქვანახშირის მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად ვითარდება.

იმ შემთხვევაში, თუკი პნევმოკონიოზი აშშ-ს მოქალაქეს რთულ ფორმებში აქვს და სუნთქვა უკიდურესად გართულებულია, იგი იღებს დახმარებას სამედიცინო მომსახურებისთვის. ბენეფიტები ასევე ვრცელდება ოჯახის წევრებზეც თუკი არსებობს ცნობა, რომ ისინი მეშახტის შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები. კანონის მიხედვით, კომპანია, რომელიც მეშახტის უკანასკნელი დამსაქმებელი იყო, ვალდებულია გაწიოს გარკვეული სახსრები მეშახტის მკურნალობისთვის. ამასთან, არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ანთრაკოზით საავადებულ ადამიანებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.

პნევმოკონიოზი არის დაავადება, რომელიც საწარმოო მტვრის ჩასუნთქვისას და ფილტვებში მტვრის მარცვლების დალექვისას ვითარდება. იგი ემართებათ მთის მადნეულისა და ქვანახშირის მაღაროებში, მანქანათმშენებლობებისა და მრეწველობის სხვა დარგებში მომუშავე პირებს. დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია შრომის პირობებზე (სამუშაო შენობაში ჰაერის დამტვერიანების ხარისხი და შემადგენლობა) და სხვა.

ნინო ცხადაია

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

იტვირთბა....