ბაქოდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია.
კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით რამდენიმე დღეში დასრულდება მოლაპარაკებები და სასურველ შედეგს მიიღებს ქვეყანა. რაც შეეხება აზერბაიჯანულ გაზს, შეთანხმება უკვე მიღწეულია:
“მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალეიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა შაჰ დენიზის პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს. ასევე, მქონდა შეხვედრა “სოკარის” პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები,” განაცხადა კალაძემ.