„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია დააანონსა.
მისი თქმით, პროცესი გაგრძელდება, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.
„ქართული ოცნება“ გახდა იძულებული 2 მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა. იძულებული გახადა იმიტომ, რომ გუშინ ვნახეთ უპრეცედენტო ამბავი. უამრავმა ახალგაზრდამ აიძულა ხელისუფლებას გადაედგა ეს ნაბიჯი. დღეს აუცილებლად იქნება აქცია იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელიც არ ვენდობით „ქართულ ოცნებას“.
მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას – ერთის მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას, მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, ქართულ ოცნებას არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად.
დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ვიამაყოთ ერთმანეთით, ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ, გადაედგათ ეს ნაბიჯი და გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ არ დადგება საქართველო პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება პროცესები და ეს პროცესები რანაირი და როგორ იქნება, ამას ეტაპობრივად გავიგებთ“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.