ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარული კონსულტაციებია, სტუდენტებს რექტორთან დახურულ შეხვედრას სთავაზობენ”- თსუ-ს სტუდენტები

სოციალურ ქსელში, გვერდი “სტუდენტები ხმების დასაცავად” ავრცელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები და სტუდენტებს რექტორთან ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას სთავაზობენ.

სტუდენტთა ნაწილის თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა თსუ-ში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩახშობას ემსახურება.

“რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ განცხადება, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, ერთი მხრივ ადმინისტრაციასა და, მეორე მხრივ, სტუდენტებს შორის, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად სთავაზობენ და სთხოვენ სტუდენტებს ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ:

გვჯერა, რექტორისა და სტუდენტების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას; ნებისმიერი შეხვედრა ჯაბა სამუშიასა და სტუდენტებს შორის, რომელიც არ იქნება ჩატარებული საჯარო სივრცეში, მედიების წინ, არის არალეგიტიმური და არ გამოხატავს თსუ-ის სტუდენტების საერთო ნებას. თუ ჯაბა სამუშიას სურს ჩვენთან შეხვედრა, ეს უნდა მოხდეს, ისევ და ისევ, მხოლოდ მედიების წინ, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით, ჩვენივე შედგენილი ფორმატით. უცვლელი რჩება ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....