პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა თავდამსხმელები ვერ ამოიცნო.
ამის შესახებ მან გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ჩანს, ალექსი პეტრიაშვილს სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ფოტოები მიაწოდეს.
„პეტრიაშვილს ჰქონდა ტრადიცია, რომ იგი ლევან მიქელაძის დაბადების დღეზე მიდიოდა მის საფლავზე და ეს იცოდა აბსოლუტურად ყველამ. როგორც ჩანს, როდესაც იქ მივიდა, ელოდებოდნენ ჩასაფრებული ლაჩარი მკვლელები. ისინი ორნი იყვნენ. აქედან ერთს ეკეთა ნიღაბი, მეორეს – არა, მაგრამ თავად პეტრიაშვილმა ვერცერთი ვერ ამოიცნო, რაც მოწმობს, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი. თავში აქვს ჩარტყმული ჩაქუჩი, თუ ურო და ნასროლი აქვს 5 ტყვია, რომლიდანაც 3 მოხვდა. იყო საკმაოდ მძიმედ დაჭრილი, მაგრამ ექიმების დახმარებით იგი გადაარჩინეს. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოჯანმრთელების გზაზეა“, – ამბობს მაია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი რამდენიმე დღის წინ დღის 12 საათზე საბურთალოს „ძმათა სასაფლაოზე“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. იგი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.