.
ბოლო დროს, მედიით ხშირად გვესმის გახშირებული კრიმინალური ფაქტების შესახებ. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დღის 12 საათზე საბურთალოს „ძმათა სასაფლაოზე“ ნიღბიანმა, შეიარღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
პეტრიაშვილს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გაამწვავა.
„მეტრონომი“ დაინტერესდა ქვეყანაში შექმნილი კრიმინალური მდგომარების ფონზე რამდენად დაცულად გრძნობენ მოქალაქეები თავს და გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხულთა უმრავლესობა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესავით სულაც არ თვლის, რომ „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“. 100 გამოკითხულიდან 80% თვლის, რომ ვითარება ამ მხრივ დამძიმდა და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ. მათ იმედი აქვთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გახშირებულ კრიმინალს მოერევა და ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრის. გამოკითხულთა 20% კი თავს სრულიად დაცულად გრძნობს და ამბობს, რომ კრიმინალი ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორშიც ახლაა, უბრალოდ, ახლა, მედია აღნიშნულ ფაქტებს ხშირად აშუქებს.