ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანდრა რულოვსი სიაში პირველია: როგორ გამოიყურება ნაცმოძრაობის საარჩევნო სია

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება.

ამასთან „ტვ პირველი“ სიაში მყოფ სხვა კანდიდატებსაც ასახელებს, მათ შორის პარტიაში რამდენიმე ახალი სახეა – ოთო კახიძე, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია, ანი ნადარეიშვილი და გიორგი ქადაგიძე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძის კანდიდატურის შესახებ ჯერ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, რადგან მას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი გიორგი ქადაგიძესთან  კონსულტაციებს მართავს და ცდილობს პარტიულ სიაში ყოფნაზე დაითანხმოს.   “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

“დღეს ვერ დავადასტურებთ, გვაქვს მოსაზრებები როგორი უნდა იყოს პირველი 10-ეული. მეტწილად განახლებული უნდა იყოს ეს სია და აქ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა გამოცდილება. სანდრა რულოვსი ჩვენი გუნდისთვის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. მან გააკეთა ძალიან ბევრი სოციალური აქტივობა 9 წლის მანძლზე”. – განაცხადა სერგო რატიანმა.

“ინფორმაცია სიის შესახებ მე ვებსაიტიდან გავიგე დღეს დილას. ამ ეტაპზე სხვა არაფერი მაქვს სათქმელი, ან ახალი” – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი “მეტრონომთან”საუბარში.

“მეტრონომი” ოთარ კახიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძე “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ზაზა ბიბილაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტია.

იტვირთბა....