პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ისინი ალექსი პეტრიაშვილისთვის, როგორც დაზარალებულისთვის ადვოკატის აყვანას გეგმავენ.
ამის შესახებ ალასანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოში შვეიცარიის ყოფილ ელჩთან და ეუთოს მოქმედ წარმომადგენელთან გიუნტერ ბეხლერთან ერთად ვიზიტის დროს განაცხადა.
ალასანია იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში გაირკვევა მათი პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრის საკითხი. ის აცხადებს, რომ მათ აინტერესებთ რა მიმართულებით მიდის გამოძიება და სამართალდამცავი სტრუქტურები რამდენად ეფექტურად მუშაობენ.
„ეს არ ნიშნავს უნდობლობას, უბრალოდ მე-3 დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. ეს არის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ასეთი სისასტიკით მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა, არის შეკვეთილი, აქედან გამომდინარე, მუხლიც შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ყველას სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.