ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქცია: „პრეზიდენტო, დაუბრუნეთ დედები შვილებს!”

დედის დღეს 2016 წლის 3 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის, ქალთა პარტიისა და დევნილთა პარტიის თანაორგანიზებით – გაიმართება აქცია – “შეიწყალეთ და დაუბრუნეთ დედები შვილებს!”

აქციაზე დასწრება თავისუფალია და ორგანიზატორები,  სხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აგრეთვე ცალკეულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალბატონებსა და დედებს მოუწოდებენ შემოუერთდნენ დაგეგმილ აქციას.

„ერთად ვთხოვოთ პრეზიდენტს, გამოიჩინოს გულმოწყალება და კიდევ ერთი შანსი მისცეს პატიმარ ქალბატონებს, რათა დაუბრუნდნენ ოჯახებს, შვილებს და დაიწყონ ახალი ცხოვრება!“

ცოტა ხნით ადრე კი პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ლაშა სტურუამ თხოვნით მიმართა პრეზიდენტს:

„პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული, თუნდაც გამამტყუნებელი განაჩენით. სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანებში შეწყალებულ პირთა შორის უმრავლესობა მამაკაცია და ნაკლებად ეხებათ ეს ქალ-პატიმრებს და არასრულწლოვანებს.

მინდა თხოვნით მივმართო გიორგი მარგველაშვილს -ახლოვდება დედის დღე, იქნებ გამოიჩინოს კეთილი ნება და დედები შვილებს დაუბრუნოს. საზოგადოებაში დიდი ხანია არის თეა სირაძის, რომელსაც სახლში 4 შვილი ელოდება და 8 შვილიანი დედის, ციალა ჯანყარაშვილის შეწყალების მოთხოვნა და თუ სცენიდან არის შესაძლებელი მსჯავრდებულის გათავისუფლება, ვფიქრობ, კეთილი ნების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ეს ქალბატონები ოჯახებს დაუბრუნდნენ, მითუმეტეს, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველამ კარგად იცის რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში.

ბატონო გიორგი, თქვენ ამ ქალბატონების შეწყალებით შვილებსაც გაახარებთ, დედის დღეს დაუვიწყებელ დღესასწაულად უქცევთ და საზოგადოების მადლიერებასაც დაიმსახურებთ“.

info1.ge

იტვირთბა....