ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაცმოძრაობისთვის“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “რუსული კანონის” პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაცმოძრაობისთვის“. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას შეხვდა:

„ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია, იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას. ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას, აყალბებენ პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მგონია, რომ საზოგადოებისთვის საინტერესოა, ვის მიერ ფინანსდებიან შესაბამისი ორგანიზაციები. როდესაც უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა, ბუნებრივია, ამას ექნება პრევენციული ეფექტი. ელემენტარულად, მოხდება უარის თქმა დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესებს. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა. „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობას. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ. ამ პროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ ფინანსების გასაჯაროება მოუწევს“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....