ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ბესელიას ცხოვრების წესია, პატიმრებს გამოსძალოს ფული“

“ინტერპრესნიუსთან” შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მისი მისამართით ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა:

“რაც ბესელიამ განაცხადა, ეს არის სრული ბოდვა. მე ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს რომ ვხედავდი, დოლარები არ მელანდებოდა. ბესელიას ცხოვრების წესია, რომ პატიმრებს აუცილებლად უნდა გამოძალოს ფული, თორემ, ღმერთია მოწმე, ასევე უშიშროების სამსახური, რომელიც მაშინ მითვალთვალებდა, რომ მე შეწყალების კომისიიდან ხელფასი, დაგლეჯილი ნერვები და ერთი პატარა ხატი წამოვიღე.

იქნებ ცოტა სიბრძნე გამოიჩინონ და ეს ქალი დააოკონ”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ბესელიას განცხადებით დაინტერესდება, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრის ეს წერილი მის კომიტეტში შევიდა და ის ითხოვს რეაგირებას.

 

იტვირთბა....