ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ლაჩრული თავდასხმა“ – ალასანიამ თანაგუნდელის თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა

“ეს თავზარდამცემი ამბავი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. როდესაც ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობას მიაყენებ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მე არანაირ წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, რადგან იმედია გამოძიება სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე ხდება თავდასხმა ასე ლაჩრულად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან სწრაფად იმ ზომების მიღება, რომ ადამიანთა უსაფრთხოება იყოს დაცული და მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაში დაცულად იგრძნოს თავი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური პარტიას, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა ალექსი პეტრიაშვილის, ჩვენი პარტიის მიმართ”. – ასეთი განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს თავს დღეს დაესხნენ. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დროისთვის, პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პოლიტიკოსის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

იტვირთბა....