„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ საქალაქო სასამართლოს ექს-შეფ მამუკა ახვლედიანთან
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ჯერ სასამართლო სისტემის კრიტიკა, შემდეგ კი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე არსებულ დარღვევებზე ღიად ისაუბრა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხმა ახვლედიანის ბრალდებებთან დაკავშირებით არ დააყოვნა და ის თანამდებობიდან გადააყენეს. დღეს ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საბჭომ მოსამართლის სტატუსიც შეუწყვიტოს. „მეტრონომი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან.
„მეტრონომი“: ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყო თქვენი განცხადებები ტესტების პასუხებთან დაკავშირებით და ღია კრიტიკა სასამართლო სისტემის, იქნებოდით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე?
მამუკა ახვლედიანი: რა თქმა უნდა ვიქნებოდი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და საერთოდ, ვითვლები თუ არა დღესაც გადაყენებულად, ეს ცალკე საკითხია, რომელსაც ალბათ ახლო მომავალში გავარკვვევთ. რა თქმა უნდა, მივხვდი თქვენი კითხვის აზრს, უკავშირდება, თუ არა ჩემი განცხადებები ჩემს გადაყენებას. რა თქმა უნდა, უკავშირდება და რა თქმა უნდა, ეს დევნაა. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მიმართულებით, ხან ეთიკის წესებით და ხანაც სხვა. თითქოს ისე გამოდის, რომ სასამართლოს მთავარი პრობლემა მამუკა ახვლედიანი ყოფილა და ხვალიდან ბედნიერი იქნება სასამართლო. უფრო მეტს გეტყვი, ეს ყველაფერი გარკვეული ინფორმაციის გადაფარვის მცდელობაც არის, იმ დანაშაულზე რაც საბჭოში მოხდა.
– რატომ და როდის გადაწყვიტეთ იმ სისტემის მანკიერ მხარეებზე გესაუბრათ, რომლის ნაწილიც თავად იყავით. სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ გაჩნდა პრობლემები?
– კიდევ უფრო ხელშესახები გახდა ეს პრობლემა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. თუ მანამდე რაღაც ნაბიჯებით მიდიოდა, 2012 წელს კიდევ უფრო სწრაფი განვითრება შეეძლო სასამართლოს, მაგრამ ეს მხოლოდ ამ მოვლენებს არ უკავშირდება. თქვენ იცით, რომ სასამართლოში, ბოლო პერიოდში, ძირითადად, მოსამართლეები დაინიშნენ 2005-2007 წლებში, 80% მოსამართლეებისა მაშინ, რეფორმის დროს დაინიშნა. შესაბამისად, ყველას ვადები ეწურება 2015-2017 წლებში. ფაქტობრივად, სასამართლო კორპუსის გადანიშვნა ხდება ამ პერიოდში და როდესაც დავინახე, რომ სასამართლო სისტემაში ასეთი კრიზისული სიტუაცია არასოდეს ყოფილა და ამისთვის არაფერს აკეთებს არავინ, ამიტომ დავარქვი ამას ხელოვნურად შექმნილი კრიზისი.
საბჭო ცდილობს, რომ ხელოვნურად შექმნას ეს კრიზისი, რომ შემდგომ ამ ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე ფორმით, მისთვის სასურველი ადამიანები დაინიშნონ მოსამართლის თანამდებობაზე.
საბჭოს წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო სისტემას აკლია 200 მოსამართლე და ჩემი ინფორმაციით, ამ წლისა და მომდევნო წლის ნახევარში კიდევ 100-120 მოსამართლეს კიდევ ეწურება უფლებამოსილების ვადა. 500-600 საქმე აწერია საქალაქო სასამართლოში ზოგიერთ მოსამართლეს. ეს ჩემი მენეჯმენტის პრობლემა არ არის, ეს საბჭოს მენეჯმენტის პრობლემაა. ეს არის უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს მდივნის პრობლემა და როცა ამდენი მოსამართლე გჭირდება რას აკეთებს საბჭო ამ დროისთვის? მათ არც დაუთვლიათ რამდენი მოსამართლე სჭირდებათ, არც იციან დათვლის მექანიზმი. უბრალოდ იციან, რომ საშუალო ევროპული სტანდარტით 200 მოსამართლე სჭირდებათ. ერთადერთი გზა დღეს, რომ დაინიშნოს მოსამართლე არის ის, რომ გაიაროს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. თუ გინდა, რომ 200 მოსამართლე გყავდეს, მინიმუმ დღეს უნდა გყავდეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 100-150 კანდიდატი სკოლაში. ამჟამად სწავლას ასრულებს მხოლოდ 11 ადამიანი. რას აკეთებს საბჭო ოთხი წლის განმავლობაში? ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი განცხადებაში წერია, ხომ არ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება, მაგალითად, ათწლიანი გამოცდილებით, მოდი პირდაპირ ხომ არ დავნიშნოთ მოსამართლედ. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ხომ არ ნიშნავს სასურველი ადამიანების შემოყვანას სასამართლოში. თან ეს ადამიანები ინიშნებიან უვადოდ, მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში ისინი იქნებიან სასამართლო სისტემაში. როდესაც დავინახე, რომ ხელოვნურად იქმნებოდა კრიზისი და მათ თქვეს, რომ საქმეთა რაოდენობა იზრდება სასამართლოში და მოდი, შემოვიყვანოთ ახალი კადრები ყოველგვარი კონტროლის გარეშე. აქედან, ბევრი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩიდან მოყვანილი სასამართლოში.
-წინა ხელისუფლების დროს მოსამართლები დიდი ნდობით არ სარგებლობდნენ და ყველა აღნიშნავდა, რომ საკადრო ცვლილებები საჭიროა. ახლა, სხვა საკითხზე მინდა ვისაუბროთ. დღეს ბევრი საუბრობს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა ჩავარდა. 2012 წელს იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას დაჰპირდა თავისუფალ სასამართლოს. რა არის ამის მიზეზი, კონკრეტულად სად დაუშვა შეცდომა ხელისუფლებამ?
– ამაზეც გიპასუხებთ. ესეც კითხვის ფორმით ჟღერდა. მოდი ასე გეტყვით, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა. ყველა ევროპული ქვეყანა გვეუბნებოდა, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. როდესაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება შეიცვალა, ავტომატურად, ამას გამოეყო სასამართლო ხელისუფლებაც და სასამართლო ხელისუფლებამ უფრო საშიში ფორმები მიიღო. იუსტიციის საბჭო ჩაიკეტა და დაიწყო თვითნებობა. ფაქტობრივად, ისინი უკვე აღარაფერს ითვალისწინებდნენ. ეს სახიფათოა. ვაღიარებ, წინა წლებში ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ადრე აქცენტი იყო უფრო კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უფრო ამ ტიპის პრობლემები იყო. სისტემა, მეტნაკლებად მუშაობდა. ეს პრობლემები განვითარების ეტაპებს ეხებოდა მეტწილად. მაგალითად, შეიქმნა იუსტიციის სკოლა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა პროგრესი შესამჩნევი იყო. 2012 წლისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალება მიეცა სასამართლოს განვითარებისთვის. ეს იყო კარგი ეტაპი იმისთვის, რომ სასამართლო სწრაფად განვითარებულიყო.
1999 წლიდან ვარ სასამართლო სისტემაში და თითქმის ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნა შემიძლია, მაგალითად როცა 1999 წელს რეფორმა ჩატარდა. ძალიან წარმატებული სასამართლოს რეფორმა პირველ ეტაპზე, მაგრამ ვერ განვითარდა ერთადერთი მიზეზის გამო სხვა სტრუქტურები: პოლიცია, პროკურატურა – ამ სტუქტურებში არავითარი რეფორმა არ მიმდინარეობდა და მარტო ერთი სასამართლო რეფორმით ვერ მოხდა წინსვლა და განვითრება. ამის მომდევნო ეტაპი დაიწყო ზუსტად 2005 წლიდან ისევ დაიწყო განვითარება, ოღონდ სახელმწიფომ გამოასწორა შეცდომა, რომ მხოლოდ ერთ სტრუქტურაში განეხორციელებინა რეფორმა. 2012 წელმა გამოიწვია ამ კავშირების გაწყვეტა და ეს იყო ყველაზე კარგი მომენტი, შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემის განვითარება, თუმცა, იმ ჯგუფმა, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, შეაფერხა სასამართლოს განვითარება. დღეს ამ ძალამ მე გადამაყენა, არ ვიცი რა სახელი დავარქვა, მათ არც ერთი პროცედურა არ დაუცვიათ.
-კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
– ჯერჯერობით თავს შევიკავებ. მე ჯერ კიდევ სასამართლო სისტემაში ვარ.
– შესაძლებელია, რომ მამუკა ახვლედიანს მოსამართლის სტატუსიც შეუწყდეს?
– მე არაფერს არ გამოვრიცხავ, გასაჩივრების თემას ვნახავ. ბრძანებაც კი არ აქვთ გამზადებული. მე დღეს ვითხოვდი ბრძანება მომცენ, რის საფუძველზეც ვარ განთავისუფებული, თუმცა არ არსებობს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება. სიტყვიერად იმსჯელეს და გადამაყენეს. მე დღემდე ვითხოვ ამ დოკუმენტს. მე შემიძლია თქვენი თანდასწრებითან დავურეკო საბჭოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ნახავთ, რომ ეს დოკუმენტი არ არსებობს.
– ნინო გვენეტაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრის პოსტზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. გვენეტაძემ საბჭოზე ხმა თქვენს წინააღმდეგ მისცა. თქვენც დიდი იმედები გაგაჩნდათ და როგორ აფასებთ მის მოღვაწეობას?
– მე ყველაზე მეტად მინდოდა სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნამდვილად კარგი მენეჯერი ყოფილიყო და გაერთვა ყველა იმ პრობლემისთვის თავი, რაც სასამართლო სისტემაში არსებობდა.
-კონკრეტულად გვენეტაძე გინდოდათ სასამართლო სისტემაში?
– მე ცუდი დამოკიდებულება არ მქონია, 1999 წლიდან სასამართლოში ქალბატონი ნინო იყო. მეც იქ ვმუშაობდა და არანაირი ცუდი დამოკიდებულება არასოდეს არ მქონია. ის 2005 წლამდე იყო უზენაესი სასამართლოს წევრი. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, ერთ-ერთი პირველი შეხვედრის დროს, როცა ქალაბატონ ნინოს ვკითხე, თუ რამე პრობლემა, პრეტენზია არსებობს, იქნებ პირადად მითხრათ მეთქი… პრეტენზია ჩემს მიმართ იცით რა წამოაყენა? 2005 წელს, როცა აპარატის მოხელე ვიყავი, ჩემთან ამოხვედიო, ალბათ, ეს ის პერიოდია, როცა მისი განთავისუფლების საკითხი დადგა. მეუბნება, გამიხსენა ძველი ამბები – თქვენ მაშინ მითხარით, ჩემი და თქვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთსო. მე მართლაც შოკირებული ვიყავი ამ პასუხით, რადგან ნამდვილად არ მახსოვს, შეიძლება ვუთხარი კიდეც მსგავსი რამ, არც გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი, რომ განსხვავებული პოზიცია მქონდეს რაღაც საკითხთან მიმართებით. შოკირებული ვიყავი იმით, რომ 10 წელი რამ დაამახსოვრა ეს ამბავი. შესაბამისად, ადამიანი იმას კი არ ხედავს ამ 10 წლის განმავლობაში კარგი რა გავაკეთეთ, მისი ათვლის წერტილი ჩემთან ურთიერთობაში დაიწყო 10 წლისწინანდელი პოზიციიდან, დაბოღმილი, შურისმაძიებელი პოზიციიდან დაიწყო ურთიერთობა. იმის გამო უნდა ჩემზე შური იძიოს, რაც 10 წლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი და შენი აზრები არ ემთხევა ერთმანეთს.
– ლევან თევზაძემ წარადგინა დოკუმენტები, სადაც ნაჩვენები იყო თქვენს მიერ გაცდენილი დღეები წლების განმავლობაში. მსგავსი კვლევა სასამართლოში ხშირად ტარდება სხვა მოსამართლეებზეც, თუ თევზაძის ეს ნაბიჯი მოტივირებული იყო და თქვენს წინააღმდეგ იყო მიმართული?
– მეტს გეტყვით კიდევ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პირდაპირ მითხრა, რომ მე დავინტერესდები შენი საზღვრის გადაკვეთით, რამდენჯერ გაქვს საზღვარი გადაკვეთილიო. იურისტი არ ხართ, მაგრამ მაინც გეკითხებით, თქვენ რამდენად კანონიერად მიგაჩნიათ ეს საკითხი? მე არ გამოვრიცხავ, რომ წერილიც ჰქონდეთ მიწერილი შესაბამისი სტრუქტურებისთვის.
– რატომ დაინტერესდა გვენეტაძე თქვენი მივლინებებით?
– რათა ნახონ, რამდენი დღე მაქვს გაცდენილი. მე ამოვიღე წინა წლის მასალები, სადაც ნაჩვენებია, რომ 20 თუ 21 დღე მაქვს შვებულებით ნასარგებლები და სადღაც 21 დღემდე მაქვს მივლინებით ნასარგებლები. და ამ 21 დღეშიც მე ვარ ხშირად ელექტრონულ წარმოებაზე ექსპერტად მიწვეული. სრულად წინა წელს შვებულებაც არ მაქვს გამოყენებული. რა დავარღვიე, თუ კუთვნილ შევებულებაში ვიმყოფებოდი, ან მივლინებაში და ამაზე წერილი ეგზავნება საბჭოს, შემდეგ საბჭო წერს ბრძანებას, რომ მომცეს მე საშუალება წავიდე შვებულებაში.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს ნაცვლად, სადმე სხვაგან, თუნდაც იუსტიციის სამინისტროში ხომ არ მიიღეს? ჩვენ გვახსოვს თქვენი გამონათქვამები წულუკიანის მისამართით…
– მე ვერც ერთ ისეთ განცადებას ვერ გავაკეთებ, თუ ამის საბუთი არ მაქვს. მე ჯერ კიდევ ვრჩები მოსამართლედ და იმედია დავრჩები. თეა წულუკიანის მხრიდან თუნდაც ჩემს გადაწყვეტილებაზე განცხადება არ ყოფილა. მან გარკვეულწილად ცუდი მინიშნება გააკეთა ჩემზე და ჩემი რეაქცია იყო მკვეთრი და აქ დამთავრდა ყველაფერი. არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ჩვენ შორის რაიმე ცუდი ურთიერთობა არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ იუსტიციის სამინისტრო ჩაერია, პირიქით ვხედავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობას. საბჭო თავს აყენებს კანონზე მაღლა.
– მინდა ტესტებზეც გკითხოთ. ვინ იცოდა წინასწარ ტესტის პასუხები?
– მე თავიდანვე ვთქვი, რომ კავშირების დადგენა აუცილებელი იყო. უფრო დიდ კითხვებს აჩენს ის ფაქტი რატომ დუმდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს გაცილებით საინტერესოა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ბევრი რამ გაირკვევა. ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული. საბჭო, რომელმაც მძიმე კატეგორიის დანაშაული არ გააჟღერა, არის თუ არა ეს დანაშაულის დაფარვა და რისთვის იფარებოდა ეს დანაშაული? საინტერესო ეს არის.
– გვენეტაძე ყოველთვის გამოირჩეოდა იუსტიციის საბჭოს წევრების კრიტიკით, რატომ იყო ის საბჭოსთან ერთად ერთსულოვანი თქვენი გათავისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?
– რომ ვერ ავხსენი გვენეტაძის ქმედება, ამიტომ ვკითხულობ, რატომ არის სამთვიანი დუმილი. ჯერ რას ნიშნავს მოკვლევა. თქვენ წარმოგიდგენიათ დანაშაული მე რომ ჩავიდინო და მერე მე თვითონვე მოვიკვლიო? პირდაპირ ლევანს შეიძლება არ ჩაუდენია, პირდაპირ ხელს არ ვადებ. მე თუ თანამდებობიდან გადამაყენეს მენეჯმენტის გამო, ის იგივე მენეჯმენტს არ ახორციელებდა საგამოცდო პროცესებში? ის იყო იმ კომისიის თავმჯდომარე. ჩემთან ერთ საათში დააყენეს პასუხისმგებლობის საკითხი და ვინმემ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა? ამ კითხვებს თუ გაეცემა პასუხი და მერე ვინ ვისთან მეგობრობს და რა ურთიერთობები აქვთ ავტომატურად მიიღებთ პასუხებს.
მარიამ ვარადაშვილი