საზოგადოება

ფსიქოლოგი: დამჯერი ბავშვი სახიფათოა!

ფსიქოლოგების აზრით, სახიფათოა ბავშვი, რომელიც უსიტყვოდ უჯერებს მშობლებს. ბავშვისთვის ცელქობა დამახასიათებელია. ბავშვი რომელიც უფროსის ყველა მოთხოვნას უპირობოდ ასრულებს, მთლად კარგი არ არის. ეს მოზრდილობაში პრობლემებს შეუქმნის. იგულისხმება, რომ ის საკუთარ აზრს ნაკლებად გამოხატავს და მომავალში სხვისი გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს. ნორმის განსაზღვრა რთულია, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური და ამავდროულად ზოგადი ნორმები. რიგ შემთხვევებში არ არის ცუდი თუ ბავშვი დამჯერია, მაგრამ ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს. 2 წლის ბავშვი ბუნებრივია თუ არ უჯერებს მშობელს, რადგან ეს ის ასაკია, როცა შეიძლება ვერ იგებდეს რას ითხოვს მშობელი. მოზრდილ ასაკში თუ ბავშვი თავის აზრს არ გამოხატავს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მშობელი ეუბნება, ეს დასაფიქრებელია. ამ დროს, სავარაუდოდ, მშობელმა იმდენად “დაიმონა” შვილი, რომ მან საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი და უნარი დაკარგა.

ბავშვის ფიზიკური დასჯა, რომელიც დიდი დროის განმავლობაში ნორმად ითვლებოდა, ფსიქოლოგების მიერ უარყოფითად არის შეფასებული. რთულია ოქროს შუალედის დაცვა, რომ ბავშვმა სრული დაუმორჩილებლობა არ გამოავლინოს, მაგრამ ფიზიკური დასჯით მასში მხოლოდ უარყოფით თვისებებს გამოიმუშავებს მშობელი.

გარდატეხის ასაკში მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს რა სურს ბავშვს და მას არჩევანის საშუალება მიეცეს. დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლის მხრიდან, მათ შორის მოტივაციურ მეთოდებს. მაგალითად, შეიძლება ვუთხრათ რომ მან ათი გვერდი წაიკითხოს და შემდეგ გააკეთოს ის, რაც მას ძალიან უნდა. ეს მშვიდად, გაწონასწორებული ტონით უნდა იყოს ნათქვამი. ეს ჩვევაში უნდა გადავიდეს თანდათან. გარდატეხის ასაკში მთავარია ბავშვმა მშობლისგან ნდობა იგრძნოს. ეს გულისხმობს, რომ მშობელმა უნდა დაანახოს, რომ მას დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვამს. გარდატეხის ასაკში სასურველია სქესის მიხედვით მოხდეს ბავშვთან კომუნიკაცია-ანუ ბიჭთან მიმართებაში აღზრდაში მამა აქტიურად იყოს ჩართული, რადგან ეს ასაკი გულისხმობს იმ გამოცდილბას, რაც საწინააღდეგო სქესმა შეიძლება ვერ აღიქვას და პირიქით, გოგონასთან დედის კომუნიკაცია ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუ ბავშვს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არ მიანიჭებს მშობელი, მოზრდილ ასაკში ისინი ასოციალურები იქნებიან. დაიზიანებენ კარიერას და პირად ცხოვრებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ოქროს ხაზის დაცვა- მშობელმა ძალით არ უნდა დაიმორჩილოს შვილი. უნდა სცადოს მასთან ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა. იმ შემთხვევაში თუ ბავშვთან არაფერი არ ჭრის, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.

მომზადებულია ტელე “იმედის” სიუჟეტის მიხედვით.

იტვირთბა....