ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა მოხდა გუშინ ღამით ტყიბულში: „მეტრონომი“ აქციის მონაწილეებს დაუკავშირდა

ტყიბულში შეკრებილი მუშების ნაწილის და აქციის მონაწილეების მიერ „საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი)“-ს ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის დეტალებზე „მეტრონომთან“ აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ალექსანდრა აროშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, აქციის  მონაწილის, გიგა ბრეგვაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ის ოც მუშასთან ერთად პოლიციის თანამშრომლებმა ერთ ოთახში გააჩერეს, რადგან მათ მცირე წინააღმდეგობა გაუწიეს. როგორც ალექსანდრა ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ გიგა ბრეგვაძე გამოუშვეს და ის აქციას ჩვეულებრივად შეუერთდა.

რაც შეეხება მუშების მიერ ადმინისტრაცის შენობაში შეჭრას, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანია  „საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი)“-თან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მათ მუშებს არაადექვატური პირობები შესთავაზეს.

„მოლაპარაკებები, როგორც იცით, მთელი დღე მიმდინარეობდა. მთელი დღე ეს ხალხი წვიმაში და სიცივეში მშიერი იდგა, ეზოშიც არ შეუშვეს, რომ იქ დამსხდარიყვნენ და დალოდებოდნენ. მეთორმეტე დღეს, როცა უკვე გაფიცვა ჩიხში იყო შესული, მუშები რაიმე დათმობებზე წასვლას ელოდებოდნენ და კომპანიამ მათ ისეთი პირობები შესთავაზა, რომ ეს იყო მათი დაცინვა”- ამბობს აროშვილი.

ერთ-ერთი მოთხოვნა მუშების მხრიდან იყო ის, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასები, რომლებიც ძალიან გაბერილია, მუშებისთვის გადაენაწილებინათ. აქციის მონაწილე ამბობს, რომ კომპანია მუშებს ზერელედ დაჰპირდა, რომ თითქოს  ორ თვეში,  სახელფასო პაკეტის შეცვლის გეგმას  გადახედავდა.

„მთავარი მოწოდება კომპანიის იყო შემდეგი: თქვენ ჩადით სამუშაოდ და ჩვენ ორ თვეში გადავწყვეტთ მოგიმატოთ თუ არა ხელფასი. როგორც კი საკომისიო კომიტეტიდან თანამშრომელი გამოვიდა და მოახსენა მუშებს პირობები, ამაზე მუშებს ცალსახად უარი ჰქონდათ. ამ დროს უკვე  ღამე იყო, ამ ინფორმაციამ რადიკალური მუხტი გამოიწვია, ხალხი ძალიან გაბრაზდა. მათ იქ კარავი აქვთ გაშლილი, იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ადმინისტრაციის შენობაში შესულიყვნენ და პირდაპირ მოეთხოვათ რაღაცები, რადგან ეს მედიის და სახელმწიფოს ყურადღებას უფრო მიიქცევდა. ჩვენც, რა თქმა უნდა, სოლიდარობა გამოვუცხადეთ და გავყევით. შევედით შენობაში, კარი რომ გაეღოთ, არ მოგვიწევდა ფანჯრიდან გადასვლა. შემდეგ იქ რამდენიმე ხანი დავყავით და როგორც კი პოლიციამ ჩვენი გამოყვანა დაიწყო, ყველა მშვიდობიანად გამოვიდა, რადგან იქ პროვოკაციას არავინ ატეხდა“ – აღნიშნა აროშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება. მუშები დილის 5 საათიდან, საწარმოს წინ იკრიბებიან და მათ მხარდასაჭერად თბილისიდან ბევრი ხალხი ჩადის.

როგორც აქციის მონაწილე ამბობს, აქცია გაგრძელდება, მაგრამ შემდგომ, რა ფორმას მიიღებს მან არ იცის, რადგან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. რაც შეეხება პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციაში შეჭრის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ალექსანდრა ამბობს, რომ ეს არის  ტყუილი.

„თვითონ ეს ხალხი ისეა მობილიზებული, რომ პირიქით, არც ერთი მეშახტე გაფიცვის დროს წვეთს არ დალევს, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს, მით უმეტეს  სტუდენტები. იქ ვიდექით მთელი დღე წვიმაში და სიცივეში, მაგისთვის არავის ეცალა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი“ – აღნიშნა აროშვილმა.

„მეტრონომი“ ასევე ესაუბრა ერთ-ერთ გაფიცულ მუშას, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ აქციაზე ნასვამი არავინ უნახავს და თუ მართლაც ასე იყო, შეეძლო პოლიციას ისინი დაეკავებინა. მისი თქმით, აქცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და დღეს კი საპროტესტო გამოსვლები იგეგმება.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე კი კოალიციაში დარჩენასთან დაკავშირებით, მთავრობას საკუთარ პირობებს უყენებს.

„მე მაქვს საკუთარი პირობები. ჩემთვის მთავარია შედეგის მიღწევა – ერთის მხრივ, იმ შეღავათების შენარჩუნება, რომელიც ჰქონდათ მეშახტეებს და, მეორეს მხრივ, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანა. ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ დამიჭერს მხარს. ნოდარ ხადური, გიორგი ვოლსკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით 14 დეკემბრიდან არიან საქმის კურსში. ასეთი მომენტი არ არის სასიამოვნო, რომ შენი შიდაკომუნიკაცია არ ესმით, ამიტომ გახდა საჭირო გარეკომუნიკაცია”, – აცხადებს ჩაფიძე.

ტყიბულში აქციის პარალელურად, თბილისში დაგეგმილია აქცია, სადაც მუშების მხარდასაჭერად თანხა შეგროვდება. აქცია მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ მოეწყობა, შემდეგ კი მეტრო „დელისიდან“  „ჯი-აი-ჯი ჰოლდინგის” ოფისისკენ მსვლელობა იგეგმება.

ნინო ცხადაია

ალექსანდრა აროშიძე
ალექსანდრა აროშვილის ფოტო

იტვირთბა....