ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება სამართალი

ტყიბულში გაფიცულებს ზესტაფონელები და ჭიათურელები შეუერთდნენ

 

დღეს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა. მაღაროელებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე საგადასახადო შეღავათები ჰქონდათ, კვლავ შეუნარჩუნდებათ.

ხადურის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.

„ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში შევა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ტყიბულში მაღაროელები უკვე 12 დღეა რაც გაფიცულები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ შრომის ანაზღაურება და სამუშაო პირობები გაუუმჯობესდეთ. რამდენიმე დღის წინ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც წერს, რომ ტყიბულისთვის მაღალმთიანი ზონის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მაცხოვრებლებს შეღავათები მოეხსნათ, ამან კი მათი მდგომარეობა უფრო დაამძიმა.

“სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე აღარ მახსოვს ეს უკვე მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში.

კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების, ან სხვა რაიმე სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც შარშან შეიკრიბა და გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია.  – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„მინისტრი უკვე აქტიურად მინაწილეობს ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანები”, – განაცხადა სერგეენკომ.

„მეტრონომი“ გაფიცვის ადგილზე მყოფ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს ლინა ღვინიანიძეს დაუკავშირდა.

„რაც შეეხება მედიაციას და ბატონი სერგეენკოს განცხადებას, მედიაცია არის კანონგანსაზღვრული პროცესი, მედიატორი როგორც ასეთი, დანიშნული სამინისტროს მხრიდან არ ჩამოსულა, ვინც იყო ტყიბულში ორჯერ ეს არის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ პროცესში მედიატორი არ არის. ის უბრალოდ შეხვდა დასაქმებულებს ორჯერ და გუშინ გაიმართა შეხვედრა მისი მონაწილეობით. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა საწარმოს წარმომადგენლებსა და მეშახტეებს შორის. შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, საწარმო არ წამოვიდა მეშახტეების მთავარ მოთხოვნაზე, როგორიც არის ხელფასების გაზრდა. ის საერთოდ არ განიხილავს ამ პროცესს. ამდენად შეთანხმება ვერ შედგა და მედიაციის პროცესი ამჯერად აქტიური არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც  კი, როდესაც სახელმწიფო მედიაციას კანონდადგენილი წესით განახორციელებს, ეს საკითხი რეალურად ცდება მედიაციის მანდატსა და კომპეტენციას, მედიატორი ვერ გადაწყვეტს იმხელა პრობლემას რაც დღეს ტყიბულშია. ეს არის უნდამენტური შრომითი პოლიტიკის საკითხები, რა თქმა უნდა საწარმოს ვერ აიძულებს დასაქმებულო ვერცერთი შეთანხმებით, რომც დაიდოს მედიაციის შედეგად, რომ შხტაში და მაღაროში შრომის პირობები გაუმჯობესდეს“ – აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ.

მისი თქმით, სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არა მედიატორმა, კონკრეტულმა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და უნდა დაიწყონ ადექვატური შრომის პოლიტიკა, როცა დასაქმებულების გაფიცვა არ  გახდება საჭირო  იმისთვის, რომ საწარმოზე მოხდეს ზეწოლა და მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„დღეს არ არსებობს შრომისინსპექციის ეფექტური მექანიზმი. ეს არის ძალიან ბევრი პრობლემის მიზეზი. მათ შორის ძალიან ბევრი დაშავების, გარდაცვალების, მათ შორის სხვადასხვა რეგიონში და მუშათა უფლებების მასიური დარღვევა. დღეს რომ გვქონდეს ამგვარი ეფექტური მექანიზმი, რომელსაც შეეძლება რაიმე გავლენა მოახდინოს შრომთ პტოცესებზე საწარმოებში, რა თქმა  უნდა ამდენი პრობლემა და ასეთი მასშტაბური აღელვება, გამოსვლები და პროტესტი აღარ იქნება. ამიტომ შრომითი ინსპექციის შექმნის საკითხი არის სწორედ სამმხრივი კომისიის ფორმატის განსასაზღვრი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დამდგარა ისე აქტიურად და  სერიოზულად. სწორედ ახლა აქვს მთავრობას შანსი, რომ ამგვარი ქმედითი, ადექვატური, სისტემური მექანიზმების გადაჭრას არამარტო ტყიბულის, არამედ მთლიანად ინდუსტრიული რეგიონების პრობლემა, რომელიც ყველგან ერთგვაროვანია: დაბალი ხელფასები, ექსპლოატაცია, ადამიანების მძიმე სამუშაო პირობები, უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა“- აღნიშნა ღვინიანიძემ.

მისი თქმით, დღეს აქცია უფრო ძლიერია.

„დღესაც და წინა დღეებშიც აქციას ურთდებოდნენ მაღაროელები და დასაქმებულები სხვადასხვა ინფურსტრიული ქალაქებიდან – ზესტაფონი, ჭიათურა, ქსანი და ა.შ. დღეს აქცია კიდევ უფრო ძლიერია, იმიტომ, რომ ამაში მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებენ არამარტო მათი ოჯახის წევრები და დასაქმებულები, არამედ მთელი ქალაქი. აქციას მხარდაჭერას უცხადებს სრულად ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტი, საკრებულო და გამგეობა და ისინი პრინციპში დგანან დასაქმებულების გვერდით, დღეს უკვე მასშტაბურად დაიწყო მაღაზიების დაკეტვა, დაიკეტა სამკერვალო ფაბრიკა, ბაზრის ნაწილიც უერთდება აქციას. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება“ – აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ.

ხვალ, „თავისუფლების მოედნის“ მეტროსთან ტყიბულში მომუშავე მუშების მხარდასაჭერად თანხა შეგროვდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოფიალური  ქსელის მეშვეობით გავრცელდა:

„26 თებერვალს 12:00 დან 16:00 ამდე თავისუფლების მეტროსთან შეგროვდება თანხა ტყიბულში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად.

ტყიბულში შექმნილი მდგომარეობა სცდილდება ლოკალურ საზღვრებს. გარდა იდენტური პრობლემების მქონე სხვა ინდუსტრიული ქალაქებისა იქ არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა ვრცელდება მთელს საქართველოზე. სოლიდარობის გამოხატვა ტყიბულელი მუშებისადმი ნიშნავს სოციალური თანასწორობისათვის ბრძოლას.

შემოგვიერთდით, პარასკევს „თავისუფლების მოედნის“ მეტროსთან. გამოიტანეთ გასაყიდად ნივთები (ჩანთები, სტიკერები, ხელნკაკეთი აქსესუარები და სხვა). შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გაფიცულ მეშახტეებს. მხარში დავუდგეთ ტყიბულელ მუშებს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, რათა შევქმნათ გამარჯვების პრეცედენტი. პრეცედენტი რომელიც ქვეყანაში ჩაგვრის ნებისმიერი გამოვლინების წინაღმდეგ ბრძოლის მაგალითი იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....