ახალი ამბები მთავარი სამართალი

კასპში მამაკაცი ხელით გაგუდეს: დამნაშავე დაკავებულია

კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცი მოკლეს. შსს-ში აცხადებენ, რომ თანასოფლელმა მამაკაცი ხელით გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“

იტვირთბა....