ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში მისი ყოფილი ადვოკატის, კობა კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც თავის მხრივ დეპუტატი მანანა კობახიძე და მისი ძმა გუშინ, ქრთამის აღების მცდელობაში დაადანაშაულა. ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად მისი ადვოკატი პარლამენტის ვიცე-სპიკერის ძმა თედო კობახიძე იყო, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ კი მან რეკომენდაცია კობა კობახიძეს გაუწია.
“მანანა კობახიძის ძმა ჩემი ადვოკატი იყო. მანანა რომ უკვე პოლიტიკაში წასვლას აპირებდა, ვეღარ იყო ჩემი ადვოკატი, დრო აღარ ჰქონდა. მე ბავშვის, ლიზიკო ზაუტაშვილის თაობაზე ადვოკატი დამჭირდა, სამოქალაქოში მქონდა დავა და თედო ჩემი ადვოკატი იყო. მერე თედომაც თქვა, რომ მე შენი ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო და მეც მივდივარ მერე პოლიტიკაშიო, ანუ რაღაც ეპიზოდში თედო ჩემი ადვოკატი იყო. დედაჩემი მანანას რომ ეძებდა, თედო შეხვედრია და მას უთხრა, რომ კაი, თქვენ ვეღარ გვეხმარებით, პოლიტიკაში ხართ, ადვოკატი მაინც გვირჩიეთ ისეთი, ვინც შეიძლება ეს თემა დაძრასო. თედოს ეს კობა კობახიძე ურჩევია, მაგრამ როგორც ადვოკატი”, – განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა.
მისი თქმით, კობა კოხახიძე მასთან ციხეში 5 თვის განმავლობაში სულ ორჯერ მივიდა.
„ეს კაცი მოვიდა ციხეში, ნაბახუსევი იყო, გუშინ ქორწილში ვიყავიო. მერე გაირკვა, რომ ეს კაცი სულ სვამს. 5 თვის განმავლობაში ჩემთან სულ ორჯერ შემოვიდა. მერე მე დავურეკე და ვუთხარი, რომ აქ მოსული არ დაგინახო-მეთქი, რადგან ტელევიზორში ვნახე რომ, ის ვაზაგაშვილის ერთ-ერთ პოლიციელს იცავდა”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.
ის კობა კობახიძის განცხადებას 75 000 ევროს შესახებ, პასუხობს და აბობს, რომ ეს სისულელე, ტყუილი და მოგონილია.
„ნახეს, რომ ელისაშვილი ადამიანურად უბრალოდ მიხვდა, რომ ყველაზე დიდ დარტყმას მე მაყენებენ და აღარ არის ეს თემა აქტუალური უკვე “ნაციონალებისთვის” და ჩემი მტრებისთვის, როგორც მე ვატყობ და ახლა ახალი ვიღაც გამონახეს. მე როგორც ვიცი, ეს კაცი თედოს ახლობელი იყო. ასე ამბობდა და არ ცხვენია მაგ კაცს?”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.
„მეტრონომი“ ანასტასია ზაუტაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ადვოკატ კობა კობახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ანასტასია ზაუტაშვილი იტყუება და ურჩევს, რომ სიმართლე ილაპარაკოს, რადგან მას ციხიდან მხოლოდ სიმართლე დაიხსნის.
„ეგენი თედოს და მანანას თამაშს თამაშობენ. ორჯერ კი არა, მადლობა თქვას ორჯერაც რომ ვიყავი მასთან მისული. რა ბრალდებები აქვს მაგას? პირიქით, მაგის მხარეს ვიყავი, პრეზიდენტს ვთხოვე, ახლა მაინც შეიწყალე, ასეთი სიტუაცია წავიდა-მეთქი. თედო და მანანა კიდევ აიმედებენ, ეუბნებიან, ჩვენს მხარეს იყავი, არაფერი თქვაო. პირიქით, ჭკვიანად მოიქცეს, სწორი პოზიცია დაიჭიროს. რაც იყო სიმართლე, თქვას და საზოგადოებაც და სახელმწიფოც უფრო დაეხმარება.
ეგ თუ სისულელეა, აგერ, დედამისს აქვს ხელმოწერილი. მე იმიტომ დავდე მასთან ხელშეკრულება, რომ მეუბნებოდა, ახალგამოვლენილ გარემოებისთვის, რაღაც მისამართი უნდა მოეცა, თითქოს ამბობდა, რომ ვიღაცებს ვამხელო. ორჯერ თუ სამჯერ მივედი და არცერთხელ არ მომცა დასტური. ამბობდა, რომ ჯერ უნდა გამიყვანოთ შეწყალებით გარეთ და მერე გარეთ ვიტყვი, თორემ აქ მეშინია და ა.შ. თავზე ხელი აქვს აღებული. თუ მასეა, თუ ასეთი მატყუარა ყოფილა, იჯდეს ციხეში, მოიხადოს სრული სასჯელი. ეგ მაგას ვერ ხვდება, რომ ელისაშვილმა თუ ვიღაცის მხილება დაიწყო და მე თუ ვამხილე ვიღაცები… ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ეგ რომ ზის ციხეში, არავინ უშველის სიმართლის გარდა და სიმართლე კი ერთია – ის, რაც მე ვთქვი და ამას ყოველთვის დავამტკიცებ“- განაცხადა „მეტრონომთან“ კობა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა კობა კობახიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.
როგორც კობა კობახიძემ განაცხადა, მსჯავრდებულებს მისი ადვოკატად აყვანა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მისმა ძმამ ურჩია.
ნინო ცხადაია