“ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან შეხვედრისას საუბრობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილა. მათივე ცნობით, ავსტრიის კანცლერმა ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი.
„შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

