„ქართული ოცნების“ ყოფილი იურისტი კობა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ის ანასტასია ზაუტაშვილი (კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული) ადვოკატი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის და მისი ძმის, თედო ჯაფარიძის შუამდგომლობით გახდა.
იურისტის თქმით, მათ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს შეწყალების გარანტია მისცეს, და ადვოკატთან რამდენიმე ათას დოლარიანი მოლაპარაკებებს ზაუტაშვილის ოჯახის ნაცვლად აწარმოებდნენ.
„თედო კობახიძემ მითხრა, რომ უნდა მომეთხოვა 75 ათასი ევრო თითოეულისგან, ანუ 5 ადამიანისგან. პარალელურად კი მოითხოვდა ამ პირების შეწყალებას. მე მომეჩვენა, რომ ეს არარეალური თანხა იყო, მაგრამ თედოს ვინ ეკითხება, მას მანანათი სცემენ პატივს,“ – განაცხადა კობა კობახიძემ, რომელმაც თედო კობახიძეს „ხვლიკი“ და „გვარის შემარცხვენელი“ უწოდა.
კობა კობახიძე აცხადებს, რომ 2014 წლიდან ანასტასია ზაუტაშვილის და კოკაინის საქმეზე სხვა მსჯავრდებულებს იცავდა სწორედ თედო და მანანა კობახიძეების რეკომენდაციით, მისი თქმით, ზაუტაშვილს და სხვა მსჯავრდებულებს ჰქონდათ გარანტიები და-ძმა კობახიძეებისგან, რომ ისინი შეწყალების კომისიაში მოაგვარებდნენ მათი გათავისუფლების საკითხს.
კობა კობახიძემ დღეს, გაასაჯაროვა ხელშეკრულება, რომელიც დადებული ჰქონდა ზაუტაშვილის ოჯახის წევრებთან და ამ ხელშეკრულებით ცნობილი ხდება ის, რომ კობა კობახიძისთვის ჰონორარის სახით ზაუტაშვილებს უნდა გადაეხადათ 6 000 ევრო და იმ შემთხვევაში, თუ შეწყალების კომისია გაათავისუფლებდა მსჯავრდებულებს, ამის შემდეგ მისთვის უნდა გადაეხადათ 74 000 ევრო. ის აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკებები მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან ჰქონდათ სწორედ და-ძმა კობახიძეებს. მას შემდეგ, რაც ზაუტაშვილის გათავისუფლება არ მოხდა, ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც კოკაინის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულია, მას თანხის დაბრუნება უკან მოთხოვა. როგორც კობა კობახიძე აცხადებს, ეს თანხა – 6 000 ევროზე მეტი, ზაუტაშვილების ოჯახს და-ძმა კობახიძეების მამამ დაუბრუნა.
„თედოს, რომ გარკვეული ანგარებითი დაინტერესება ჰქონდა იქიდან გამოვლინდა, რომ პირველადი შენატანი რაც იყო 6 250 ევრო, მე ასეთ თანხებს არ ვითხოვ, მე დამრგვალებულად ვითხოვ, შემდეგ გაირკვა რატომაც მოხდა, როცა მე საშემოსავლო გადავიხადე დარჩა 5 000 და მერე მესესხა, მჭირდება ეს 5 000 ევროო მითხრა. მე მისთვის ადრეც მქონდა ნასესხები 3000 დოლარი. მოიტანა, შეასრულა პირობა და მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ახლაც მოიტანდა, მაგრამ როცა დადგა საკითხი და ზაუტაშვილებმა მოითხოვეს ჰონორარის უკან დაბრუნება, მე გადავამისამართე თედოსკენ. ვუთხარი, რომ მას აქვს და მოსთხოვეთ მეთქი. მოთხოვეს კიდეც, ზაუტაშვილის დედამ მითხრა, 6 250 თედომ დაუბრუნა მამამისის მეშვეობით” – განაცხადა კობა კობახიძემ.
შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით, ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატის დღევანდელ განცხადებებს და-ძმა კობახიძეები გამოეხმაურნენ.
ისინი ადასტურებენ, რომ ზაუტაშვილებმა 2014 წელს ადვოკატი მათი რეკომენდაციით აიყვანეს.
ვიცე-სპიკერის თქმით, კობა კობახიძე განაწყენებულია, რადგან მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ მთავარი პროკურორის პოსტის დაკავება სურდა.
„ადვოკატი, რომელიც ქართულ ოცნებაში იყო, დღეს იცავს ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებულ პირებს, ბატონ მიქაძეს, როგორც ჩანს, რაღაც დაპირება ამ ადამიანებისგანაც მოდის. ახლა, როგორც ჩანს, კობა კობახიძე თამაშობს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიციელების თამაშს,“ – აცხადებს მანანა კობახიძე.
ამ საქმესთან ნაციონალური მოძრაობის კავშირს არ გამორიცხავს არც ვიცე-სპიკერის ძმა, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
„სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც თუნდაც რაღაც დონეზე ვიცნობდი, აღმოჩნდა ამ შოუს, ცირკის ერთ-ერთი შემადგენელი პერსონაჟი,“ – აცხადებს თედო კობახიძე.