ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ტყიბულში გაფიცვა გრძელდება: ელისო ჩაფიძეს გია ვოლსკის პულტზე ხელის დაჭერის იმედი აქვს

„ტყიბულში გაფიცვა გრძელდება. ჯერჯერობით, რაიმე ნაბიჯები ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული არ არის. თვითონ მეშახტეები ითხოვენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესის მოგვარების საკითხში ჩაერთონ“ – ამის შესახებ „მეტრონომს“ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა.

ამ წუთებში ტყიბულში მაღაროელები გამგეობასთან აქციას მართავენ. ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათთან იმყოფება ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი. აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულები. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.

ელისო ჩაფიძის თქმით, მას ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ჰქონია, იმიტომ, რომ ტყიბულში იმყოფება და როდესაც დაბრუნდება, აპირებს მიმართოს შრომის ინსპექციას და ეკონომიკის სამინისტროს, რომ მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

მისივე თქმით, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ისაუბრა ბატონმა ვოლსკიმ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ აპირებენ, გვერდში დამიდგნენ და რაღაც გარკვეული გზების ვერსიებზეა საუბარი, თუ რომელი გზით წავიდეთ მეშახტეების პრობლემების მოსაგვარებლად. შესაბამისად, მე მივიღებ ამ მხარდაჭერას, გამოვცხადდები პარლამენტის სხდომაზე, შევიტან საკანონმდებლო ინიციატივას და მივიღებ ბატონი ვოლკის მხარდაჭერას, მისი ხელის მიჭერით პულტზე და კანონპროექტისათვის ხმის მიცემის სახით“- განაცხადა „მეტრონომთან“ საუბრისას ელისო ჩაფიძემ.

ცნობისთვის, ტყიბულის მაღაროში მომუშავე მეშახტეებმა გაფიცვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტყიბულს მაღალმთიანი ზონის სტატუსი შეუჩერეს და შესაბამისად, მეშახტეებს ხელფასების რაოდენობა შეუმცირდათ. ისინი აქციებით ხელფასების მომატებას და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრად ითხოვენ.

 

იტვირთბა....