ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაგვიუქმეს მოთხოვნა ძალადობის ორგანიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით – მირანდა ბაღათურია განაჩენზე

5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დაზარალებულებს გაუუქმეს მოთხოვნა, რომელიც ძალადობის ორგანიზატორებს შეეხება.

ბაღათურია მიიჩნევს, რომ სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდების მოხსნით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დანაშაულის არაერთი ვიდეომტკიცებულებება არსებობს.

რეალურად, ქართულმა მართმსაჯულებამ გვითხრა, რომ ინდივიდებმა მიიღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და ასე, ყველამ ერთად გადაწყვიტა, რომ მედიის წარმომადგენლებზე ეძალადათ. ამ დრომდე გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომ დააკავონ ძალადობის ორგანიზატორები, ადამიანები, რომლებზეც არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, მოწოდებები, სადაც ისინი პირდაპირ ამ შეკრებულ ბრბოს ეუბნებიან, რომ მედიის წარმომადგენლებზე უნდა იძალადონ. ანუ ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიუქმეს მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობის ორგანიზატორები დავაკავოთ, რაც ძალიან სამარცხვინოა, – თქვა მირანდა ბაღათურიამ.

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზების მუხლი მოუხსნა.

მოძალადეებს სასჯელი შეუმცირეს და ყველა მათგანს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....