იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, ბოლო დროს, ყურადღების ცენტრში მოექცა. 2012 წელს დაანონსებული სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ცენრტალური სტრუქტურის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს. დღეს იუსტიციის საბჭომ თანამდებობიდან საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა.
“მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის რაიმე რეპრესიული მომენტი. საბჭომ იმსჯელა, რამდენად სწორად ხდებოდა საქალაქო სასამართლოში მენეჯმენტი. მამუკა ახვლედიანის, როგორც მოსამართლის საქმიანობაზე საბჭოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, საბჭო ვალდებულია სასამართლოს სისტემამ ითანამშრომლოს გამართულად. საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში ვერ შედგებოდა ის თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპებს.“ – ასეთი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მურუსიძემ ახვლედიანის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ აქცენტი საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის წარმოებაში არსებულ დარღვევებზე გააკეთა.
“მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით გარდაუვალი გახდა ყველა იმ ნორმატიული აქტის გადახედვა, ბრძანების სახით, რომელი საქალაქო სასამართლოში იყო შემოღებული და ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა სერიოზული დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით.“ – განაცხადა გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელმაც ახვლედიანის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ დანიშნული ვახტანგ მჭედლიშვილია.
„მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა. დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა. „იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციაში“ – განუცხადა ჟურნალისტებს მჭედლიშვილმა.
„მეტრონომთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ახვლედიანი ადრე გაკეთებული განცხადებებისთვის „დასაჯეს“.
„ბატონმა მჭედლიშვილმა ისაუბრა, რომ ახვლედიანის განთავისუფლებამ პროცედურული დარღვევების ფონზე ჩაიარა. სრულიად ცხადია, რომ ეს არის რევანში იმ განცხადებების გამო, რაც მანამდე ახვლედიანმა გააკეთა. ფაქტია, ადამიანი, რომელიც გამოდიოდა კორუფციული ფაქტების მხილებით, მხილებით იმისა, რომ წინასწარ იყო დარიგებული ტესტები და მეორე მხარემ არ თქვა, რომ ეს ასე არ ყოფილა, მეტიც, პრაქტიკულად დაეთანხმა მამუკა ახვლედიანის განცხადებებს, ის მაინც გადააყენეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც შეეხება კორუფციულ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა იქნება მოშორებული და გადაყენებული თანამდებობიდან. განცხადება, რომ ახვლედიანს საქმის წარმოებაში ჰქონდა ხარვეზები აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი. ჯერ ერთი უნდა დასახელდეს რაში ჰქონდა ხარვეზები და მეორე ეს ხარვეზები უნდა იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ასეთი მყვირალა გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ახვლედიანის ამგვარი გადაყენებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სასამართლო სისტემის კიდევ უფორ ჩაკეტულობისკენ და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ უნდობლობისკენ, რომელიც ისედაც არსებობს ამ უწყების მიმართ“. – განაცხადა წიკლაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას ზომიერებას იცავს და აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭომ, როგორც დამოუკიდებელმა ორგანომ გადაწყვეტილება ასევე ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალმა მიიღო.
„ეს არის იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების შინაარსობრივ შეფასებაში პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ორგანო, არ უნდა ჩაერიოს იმიტომ, რომ ეს არის სასამართლო ხელისუფლების, ანუ ხელისუფლების მესამე შტოს მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ” – აცხადებს ბესელია.
ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ახვლედიანის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სასამართლო აღარ არსებობს. ივანიშვილის დუქანია. 1990-იანი წლების მერე არ ყოფილა ასეთი განუკითხაობა სასამართლო ხელისუფლებაში. ნაცების დანიშნული ნებისმიერი მოსამართლე ჯიბეში ჩაისვამს ქოცების დანიშნულ მოსამართლეს წიგნიერების ნაწილში. ალბათ 1-2 გამონაკლისის გარდა. პრინციპში, ერთი კარგიც ახლავს ამ ამბავს – ახლა აღარაფერი აკავებს ახვლედიანს და შეუძლია შეუფერხებლად მოყვეს, თუ რა ქოცი დუღს სასამართლოში. ეს გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურია და არც “პროცედურული დემოკრატიის” წესები დაუცვიათ”. – წერს ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომრის ვინაობა. პოსტს აღნიშნული სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძე დაიკავებს.
ამასთანავე, ახვლედიანი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“ამ საკითხებზე გავდივარ კონსულტაციას. ხვალ ვგეგმავ ჟურნალისტებთან და არასამთავრობოებთან შეხვედრას. დანარჩენ შეკითხვებს იქ ვუპასუხებ. ხვალიდან ყველასთვის ღია და თავისუფალი ვიქნები, დროც ბევრი გამომიჩნდა როგორც ვატყობ” – განაცხადა ახვლედიანმა.
ხვალ მამუკა ახვლედიანი გეგმავს საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდეს. ყოფილი თავმჯდომარე სავარაუდოდ უფრო გაბედული იქნება თავის განცხადებებში და ღიად ისაუბრებს იმ “გავლენებსა” და დარღვევებზე, რომელიც ქართული სასამართლო სისტემაში არსებობს.
მარიამ ვარადაშვილი