ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსული აგრესიის წინააღმდეგ: აშშ საქართველოს 63 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს აშშ საქართველოსთვის 63 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაეხმარება „საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას“.

ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, მრავალმილიონი დახმარება მიმართული იქნება „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისკენ რუსული გავლენისკენ მიდრეკილი მოსახლეობისთვის“. თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი განკუთვნილია სამოქალაქო პროგრამებისთვის. ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა კი წელს შემცირებულია. 2017 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარების მოცულობა არსებული 30-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება. ეს თანხა განკუთვნილია „საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელშესაწყობად, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და კოალიციის ოპერაციებში კონტრიბუციას. გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქართველოს სატრანსპორტო ვერტმფრენების ავიაციის შესაძლებლობების განახლება, თავდაცვის რეფორმა და საქართველოს სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზება“.

გამოცემა ასევე წერს, რომ უკრაინული კრიზისის შემდეგ, აშშ-მ დაიწყო მასშტაბური პროგრამა სახელწოდებით „ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივა“, რომელიც ევროპაში ამერიკული სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მოთხოვნით, 2017 წელს ამ პროგრამაზე არსებული 790 მილიონი დოლარის ნაცვლად უნდა დაიხარჯოს 3,4 მილიარდი აშშ დოლარი, მაგრამ საქართველო ამ პროგრამაში ჩართული არ იქნება. თანხის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი, დაიხარჯება აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ძალების განლაგებაზე. თბილისი ამ პროგრამაში ჩართვას ლობირებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგრამა საქართველოში რაიმე აქტივობას არ ითვალისწინებს. სამხედრო აქტივობის გაფართოების საკითხზე ნატო-შიც მსჯელობენ.

იტვირთბა....