მოძრაობა „ეროვნულები“ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ „მეტრონომს“ მოძრაობის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, მას თანამდებობაზე ყოფნისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა.
„მე პირდაპირ გეტყვით, რომ მას თანამდებობაზე ყოფნისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა. მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ის თავცადვის მინისტრი არ იქნება. მე მოვითხოვ მის გადაყენებას არა იმიტომ, რომ მან ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას მხარი დაუჭირა, ეს მისი ნებაა. მე უბრალოდ, ერთი კვირის წინ მანახეს მასალები, რომელთა ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იქნა საგარეჯოს რაიონში. პირველ რიგში მივმართავ ცესკოს და იმ ორგანოებს, რომლებმაც ეს საკითხი უნდა გამოიძიონ. გამოძიების დასრულებამდე კი თინათინ ხიდაშელი თანამდებობიდან გადაყენებული უნდა იქნას, მხოლოდ იმიტომაც, რომ მას საკმაოდ დიდი თანამდებობა აქვს და იმ ადამიანებზე, რომელბსაც მისი მხილება შეუძლიათ, სერიოზული ზეწოლა განახორციელოს“- განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც ბრეგაძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თინა ხიდაშელი მისთვის რაიმეს დაბრალებას გეგმავს.
„მე მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ შავი პიარი ავუგოროთ და რაღაცა დავაბრალოთო. რაც უნდა ის აკეთონ მან და მისმა ამფსონებმა, ვერავინ ვერაფერს დამაბრალებს და ვერაფერს გააკეთებს“- აღნიშნა ბრეგაძემ.
„მოძრაობა“ ეროვნულების ლიდერი ასევე საუბრობს გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილზე. მისი თქმით, ის „ნაციონალებთან“ ბოლომდე შეკრული იყო და მხოლოდ ბოლო წამში გადავიდა „ოცნების“ მხარეს , ამის სანაცვლოდ კი მან გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობა მიიღო.
„გიგლა აგულაშვილი იმდენად პატარა კაცი აღმოჩნდა, რომ მან შურისძიების მიზნით მოხსნა „ეროვნულების“ წალენჯიხის ორგანიზაციის ლიდერი ჯემალ ქარდავა. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ გიგლა აგულაშვილი შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პროკურორია. არანაირი ოპოზიციის წარმომადგენელი ის არასოდეს არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჯემალ ქარდავა თავის თანამებრძოლებთან ერთად აქტიურად ებრძოდა ახალაიების და მეგის ქარდავას ბანდებს, სიცოცხლეს წირავდა „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის. სწორედ ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ სანდრო ბრეგაძის ბოღმას აგულაშვილმა გადააყოლა უპატივცემულესი ადამიანი. უნდა რცხვენოდეს გიგლა აგულაშვილს, მაგრამ შევარდნაძისდორინდელ კორუმპირებულ პროკურორს რომ სირცხვილის გრძნობა არ აქვს ეს ჩემთვის უკვე ცნობილია. ეს არის ჩვენი ტრაგედია, რომ ადამიანი, რომელმაც „ქართული ოცნების“ გამარჯვების გულისთვის სიცოცხლე გაწირა, მას მეტყევის თანამდებობიდან ხსნის ადამიანი, რომელიც „ნაციონალებთან“ იყო ბოლომდე შეკრული და მხოლოდ ბოლო წამში გადმოვიდა „ოცნების“ მხარეს , მხოლოდ ამის სანაცვლოდ მიიღო გარემოს დაცვის მიტნისტრის თანამდებობა“- აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
როგორც ის ამბობს, „რესპუბლიკელებმა“ ხელისუფლებას თანამდებობაზე მის შემცვლელად მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი სხვა წევრი შესთავაზეს.
„ვიღაცებს „რესპუბლიკელები“ განათლებულები ჰგონიათ და რეალურად, ერთუჯრედიანი გათვლები აქვთ. მე უკვე ისინი ნაკლებად მაღელვებს. ისინი დღეს „ქართული ოცნების“ თავსატეხი არიან და არა ჩემი“- განაცხადა ბრეგაძემ.