„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი ეროვნული თანხმობისაკენ, რისთვისაც უნდა გააკეთოს ორი რამე: შეიწყალოს სააკაშვილი და გვარამია.
„მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ის არის ემიგრანტების შთამომავალი, მისმა წინაპრებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის. თუ უნდა თავისი ღირსეული წინაპრების ადგილას დაიმკვიდროს თავი, მხოლოდ განცხადებებით ეს ვერ მოხდება, მან უნდა გადადგას ნაბიჯები. ორი რამ აქვს გასაკეთებელი, სასწრაფოდ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და სასწრაფოდ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი და საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
თუ მას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ არის პრეზიდენტი, როცა შევხვდი მითხრა, რომ უნდა ქვეყნისთვის რაღაც ისეთი გააკეთოს, უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯები. მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვთხოვ, რომ საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესისთვის, დეპოლარიზებისთვის, თანხმობისთვის აუცილებელია, რომ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯები და არა საწინააღმდეგო მიმართულებით. ამიტომ სალომე ზურაბიშვილს აქვს კარგი მექანიზმი და ბერკეტი შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად იქნება ეროვნული თანხმობისთვის გადადგმული ნაბიჯი. ვიცი, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, პრეზიდენტი ახლა ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არაა?! სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ვურჩევდი მას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.