ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

ექსპერტიზის ჩატარებაზე თანახმა ვართ, ოღონდ მოწვეული იქნას უცხოური ავტორიტეტული ბიურო – ხაჭაპურიძე

კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფებოდა. დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის ფრჩხილისა და თმის ნიმუშები უნდა აეღოთ, თუმცა მესამე პრეზიდენტმა კვლევებზე უარი განაცხადა.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, ისინი არ ენდობიან ექსპერტიზის ბიუროს, რომელიც პრემიერმინისტრს ექვემდებარება და კვლევებში უცხოელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.

“სამხარაულის ბიუროს უფროსს ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი, ნიშნავს და ათავისუფლებს და იგი წელიწადში ერთხელ ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პრემიერმინისტრს. მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმინისტრი პირად მტრობაში იმყოფება ბატონ სააკაშვილთან, ამიტომ ამ ორი დაწესებულების მიმართ გაგვაჩნია უნდობლობა, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების ნებართვა სამხარაულს მოქმედი კანონმდებლობის და ლიცენზიების თანახმად არ გააჩნიათ. ჩვენ თანახმა ვართ ჩატარდეს ექსპერტიზა, ოღონდ მოწვეული იქნენ უცხოური ავტორიტეტული, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის სათანადო საექსპერტო ბიურო, ჩაატარონ, აიღონ, თავად დალუქონ, წაიღონ, პასუხი გამოაგზავნონ და მეორე, ამ საექსპერტო კვლევაში მონაწილეობა მიიღონ ჩვენმა ექსპერტებმა”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატმა შესაბამისი განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელსაც გადასცა. ვასილ კაკაშვილის თმით, ის ჯერ განცხადებას სრულად არ გასცნობია.

“მან დაგვიფიქსირა უარყოფითი პოზიცია ნიმუშების აღებაზე. რაც შეეხება ადვოკატის განცხადების წარმოდგენას, ადვოკატმა ჩამაბარა განცხადება, თუმცა მას სრულად არ გავცნობილვარ. გავეცნობი განცხადებას და მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ, როგორც სისხლის ნიმუშის საფუძველზე ექსპერტიზის ჩატარებისას, ასევე ფრჩხილის და თმის ნიმუშის საფუძველზე ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნიმუშების აღებას ვახორციელებდით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე, რომელიც წერილითაც დასტურდება, რომ ისინი აცხადებდნენ, რომ ჩაატარებდნენ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კვლევას აღნიშნული ნიმუშებით, ამიტომ მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რას ეყრდნობა ადვოკატის განცხადება”, – თქვა ვასილ კაკაშვილმა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან გიული ალასანია იმყოფება.

იტვირთბა....