გუშინ საღამოს ფონიჭალაში ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის შენობაში შეიჭრა. ისინი არასრულწლოვანი გოგონას გატაცების გამოძიებას ითხოვენ.
როგორც სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრები ამბობენ, გოგონა ორი დღის წინ ძალის გამოყენებით გაიტაცეს. არასრულწლოვანმა გამტაცებლებს წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც მოახერხეს.
ოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თვითმხილველები და გოგონას ძებნაც არ დაუწყათ.
„ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ რამდენიმე სახელსა და გვარს, თუმცა სამართალდამცველები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ,“ – აცხადებს გატაცებულის დედა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.