ხმაური იყო დღეს გორის საკრებულოშიც, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობდა. საკრებულოს სხდომას დღეს გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც დაესწრო.
მას ოპოზიციის კითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწია, მერის დაცვა კი “ოცნების” დეპუტატებმა სცადეს. სხდომა მოგვიანებით პროტესტის ნიშნად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა. პარტია ამბობს, რომ ბიუჯეტი გორის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არაა.
ენმ-ს დეპუტატმა მერს უთხრა, რომ მიუხედავად სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები პირების პრობლემებისა, რაზეც მერმა თავადაც იცის, ბიუჯეტიდან 350 ათას ლარზე მეტი, გამარტივებული შესყიდვით კომპანიებს გადაეცათ, რომლებსაც საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ევალებათ. დეპუტატმა იკითხა, რატომ გადაწყვიტა მერიამ ამ თანხის საახალწლო ღონისძიებებში გადახდა, რაზეც მერმა უპასუხა
“ორივე შემთხვევაში, ეს კეთდება ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ ახალი წელი, რომ უფრო ლამაზი იყოს, ეს დღეები, საახალწლო დღეები უფრო გავულამაზოთ და სამახსოვრო ახალი წელი იყოს. ჩვენ ვალდებულები ვართ უმრავლესობის ინტერესებიდან მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, თითოეულ მაცხოვრებელ ინდივიდუალურად ვუდგებით, სოციალური სამსახური ამაზე მუშაობს, თითოეული ბენეფიციარი შესწავლილია”.ცნობისთვის, დღეს ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოშიც.