ისანი-სამგორის პროკურორის შვილის სწავლის ხარჯის თბილისის მერიიდან 5 400 ლარით დაფინანსების საკითხზე დავით ნარმანიამ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან განმარტავს, ის შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან „საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა“.
„ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან დავეხმარეთ ჩვენ თამარ გერგედავას. ასეთი რამ არ ყოფილა. სხვა სოციალური ღონისძიებებიდან, საიდანაც შეჭირვებული ოჯახების სწავლის საფასურის ფინანსდება, იქიდან მოხდა მისთვის თანხის გამოყოფა. თუმცა, ოჯახი არ ყოფილა შეჭირვებული და ამის შესწავლა უნდა მომხდარიყო,“ – აცხადებს დავით ნარმანია.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში არსებობენ შესაბამისი სამსახურები.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.