16 დეკემბერს, ახალციხის კლინიკა „იმედის“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები საქართველოს პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად მივიდნენ. ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომთან” ისაუბრა.
“წინა კვირაში ჩემი წყაროებიდან გავიგე, რომ პროკურატურას დასკვნა უკვე მიღებული აქვს. პროკურორთან შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ ერთი თვეა უკვე მზადაა დასკვნა და არ გვაგებინებდნენ. რეალურად ამ ექსპერტიზის დამკვეთი პროკურატურაა. წინა კვირაში არ გადმოგვცეს აღნიშნული დასკვნა, კანონით არ აქვთ ამის უფლება, თუმცა გვთხოვეს ერთი კვირა გვადროვეთო და იმ კვირაში აუცილებლად გადმოგცემთო დასკვნას. შინაარსს გავეცანი, თუმცა დასკვნა ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს.” – აღნიშნა ადვოკატმა.
კითხვაზე იკვეთება თუ არა კლინიკა “იმედის” და მედპერსონალის პასუხისმგებლობა ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურაში დეტალების გაჟღერებისგან თავის შეკავება სთხოვეს:
“პროკურატურა ამბობს რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობების საკითხის დაყენება, თუმცა მთხოვეს ჯერჯერობით არ გავაჟღერო ექსპერტიზის დასკვნა” – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
ცნობისთვის, კლინიკა „იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ცუდად 2021 წლის 18 მარტს გახდა. იმავე დღეს ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი 19 მარტს გარდაიცვალა.