ცენტრალურ რუსეთში, ჩუვაშიის რესპუბლიკაში, ქალაქი ყაზანიდან 150 კილომეტრში გაზპრომის მილსადენი აფეთქდა, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აფეთქება ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მილსადენის მონაკვეთში მოხდა. როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, აფეთქებას ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე არ უმოქმედია, რადგან ამოქმედდა პარალელური გაზსადენები.
გაზპრომის ოფიციალური განცხადებით, გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთთან დაკავშირებული შეფერხებები ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ამ წუთისთვის გაზის მიწოდება სრულიად აღდგენილია.
ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მილსადენით გაზის მიწოდება, რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში, უკრაინის გავლით ხდება.
ადგილობრივმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეფერხებასთან დაკავშირებით ტელეგრამის საშუალებით დაწერეს. მათი თქმით, გაზის მიწოდება ადგილობრივი დროით, 1:50-ზე შეჩერდა. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.