ახალი ამბები პოლიტიკა

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გავიდა

პარლამენტში გუშინ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, თუმცა ხაჩიძემ ის კენჭისყრაზე არ დააყენა. ამის მიზეზად ხაჩიძემ  დარბაზის განწყობა  და გარკვეული დროის საჭიროება დაასახელა, თუმცა მისი თქმით, კანონპროექტი კენჭისყრაზე მომდევნო სესიაზე დადგება.

გოგა ხაჩიძის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომაშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შეხახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

” ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ხოლო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....