ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩასახვის საწინააღმდეგოდ: ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას პაპის პოზიციის უკვირს

bbc-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზიკას ვირუსის გავრცელების გამო პაპი კონტრაცეფციას დასაშვებს უწოდებს. როგორც რომის პაპმა მექსიკაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, აბორტი კვლავ უმძიმეს დანაშაულად რჩება, ხოლო კონტრაცეფცია, ანუ დაგეგმილი ორსულობა საერთოდ არ არის ბოროტება.

ზიკას ვირუსი, რომელიც  ჩვილებში სავარაუდოდ მიკროცეფალიას იწვევს, კათოლიკურ აკრძალვას დაგეგმილი ორსულობის შესახებ ცვლის. „ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში აბორტი, რომელიც ბოროტებაა, დაგეგმილ ორსულობასთან“ – განაცხადა პაპმა ჟურნალისტებთან. „აბორტი არ არის რელიგიის პრობლემა, ეს ადამიანების და სამედიცინო  პრობლემაა – ერთი ადამიანის სიკვდილი მეორის გადასარჩენად. დაგეგმილი ორსულობა კი აბსოლუტურად არ არის ბოროტება“ – განმარტა პაპმა ფრანცისკემ.

რას ფიქრობს მართლმადიდებლური ეკლესია კონტრაცეფციის შესახებ და რატომ მიიჩნევა ის ცოდვად? „მეტრონომს“ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) ესაუბრა.

„მეტრონომი“: რატომ მიიჩნევა კონტრაცეფცია, ანუ ორსულობის დაგეგმვა ცოდვად?

მამა გიორგი: კონტრაცეფცია ცოდვაა, რადგან ღვთის ნების  გამრუდებას უკავშირდება. ღვთის ნებაა ადამიანები გამრავლდნენ, ასეა ნათქვამი ბიბლიაში, შესაქმეში, „აღორძინდით და გამრავლდით“. ასე, რომ ადამიანის ფუნქციაში ჩადებულია გამრავლება. როცა ადამიანი, გარდა გამონაკლისი მიზეზების გამო, მაგ. დედის მძიმე ავადმყოფობა, სიკვდილის საშიშროება და ა.შ. მოძღვრის რჩევით და ეკონომიის მიზნით, ექიმის დაშვებით და ცოდვის განცდით, შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება. ისე, კონტრაცეფციას ეკლესია არ აკურთხებს.

– როცა ოჯახი ფინანსური, თუ სხვა მოტივით გეგმავს რამდენი შვილი უნდა იყოლიოს, თუნდაც იმიტომ, რომ აბორტს აარიდონ თავი, მიმართავენ კონტრაცეფციას, ეს ცოდვად მიიჩნევა?

– კონტრაცეფცია აბორტზე ნაკლები ცოდვაა, აბორტი უკვე მკვლელობას უტოლდება. კონტრაცეფცია ამ ხარისხის ცოდვა არ არის, მაგრამ თითქმის უტოლდება, რადგან პოტენციურად იმავეს გულისხმობს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა ეკლესია ამას არ უშვებს.

– ზიკას ვირუსის გამო პაპმა ფრანცისკემ გააკეთა განცხადება, რომ კონტრაცეფცია დასაშვებია. მართლმადიდებლური ეკლესია რამდენად გაითვალისწინებს ამგვარ შემთხვევას?

– საპატრიარქოს განცხადება ამ თემაზე არ ჰქონია, ჩემ თავზე ვერ ავიღებ ამას. ეკლესია მედიცინას არ უარყოფს, სასიკვდილო საშიშროებებისა და ეპიდემიების გათვალისწინებით, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, სამედიცინო რჩევა საღვთო ნების და რჯულის დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს. ხანდახან ხდება შემთხვევა, როცა ექიმი პაციენტს აბორტს ურჩევს, რასაც ეკლესია არ აკურთხებს, თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნაყოფი უკვე მკვდარი არ არის დედის სხეულში და ორგანიზმის ინტოქსიკაციის საშიშროება არ დგას.

„მეტრონომი“ შეეცადა საპატრიარქოს პოზიციაც დაეფიქსირებინა. საპატრიარქოს პრეს-ცენტრმა გვირჩია პატრიაქრის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დავკავშირებოდით. მამა მიქაელ ბოტკოველმა თემის გაცნობის შემდეგ განგვიცხადა, რომ ეს საკითხი საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს ეხებოდა და ცისანა შარტავასთან დაკავშირება გვირჩია. ქალბატონმა ცისანამ ყველაზე კომპეტენტურ რესპონდენტად ამ საკითხში არქიმანდიტრი ადამი (ვახტანგ ახალაძე) დაგვისახელა, რადგან იგი საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის   თავმჯდომარეა, აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის წოდება. სამწუხაროდ არქიმანდრიტ ადამთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ სტატიას საპატრიარქოს პოზიციის გარეშე გთავაზობთ.

P.s.  აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საპატრიარქოში კათოლიკური ეკლესიის პოზიცია გაუკვირდათ, რადგან გვითხრეს, რომ სწორედ კათოლიკური ეკლესიაა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე უფრო მკაცრად განწყობილი ამ საკითხის მიმართ.

მანა ნოდია

იტვირთბა....