„ოპერისა და ბალეტის თეატრმა, 339 000 ლარის ხელშეკრულება “სამოსელ პირველთან” ტენდერის გარეშე გააფორმა” – ინფორმაციას სტუდია „მონიტორი” ავრცელებს. „სამოსელი პირველი” კი, ბიზნესმენ ლევან ვასაძის დის დაფუძნებულია, კომპანიის წილის 85%-ს ვასაძის და – თამარ ვასაძე ფლობს.
„ოპერა “აბესალომ და ეთერის” სასცენო კოსტუმების შესაკერად ბიუჯეტიდან 339 250 ლარი დაიხარჯა. 252 კოსტუმის შესაკერად მასალები მაღაზიას ოპერისა და ბალეტის თეატრმა მიაწოდა. 339 000 ლარის ხელშეკრულება “სამოსელ პირველთან” ტენდერის გარეშე გაფორმდა. კომპანია “სამოსელი პირველის” დამფუძნებელი და 85%-ის მფლობელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის და თამარ ვასაძეა.
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისათვის, მათ შორის სასცენო კოსტუმების შესაკერად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 644 805 ლარი გამოიყო”, – აღნიშნავენ „სტუდია მონიტორში”.
„შესყიდვა კანონიერად მოხდა, რადგან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება „საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე. მომსახურების მისაღებად ეს კონკრეტული მაღაზია იმიტომ შეირჩა, რომ დიდი მოცულობის სამუშაო შემჭიდროებულ ვადებში იყო შესასრულებელი”. – აცხადებს „ლიბერალთან” საუბარში ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე.
მისივე თქმით, ეს საკითხი არა მხოლოდ ოპერის თეატრში, არამედ კულტურის სამინისტროშიც განიხილეს. „ეს იყო ეპოქალური გახსნის სცენა, შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვა ორგანიზაციებს, რომელთაც მივმართეთ, ამხელა სამუშაოების მოკლე ვადაში წარმოება არ შეეძლოთ. ხელშეკრულება 12 ოქტომბერს დავდეთ, ჩაბარება კი 30 იანვარს მოხდა” – ამბობს თეატრის დირექტორი.