ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილზე განცხადება ჯერ გაავრცელა, შემდეგ კი წაშალა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ჯერ გაავრცელა, შემდეგ კი წაშალა.

უწყება წერდა, რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესამდე მისი უფლედამაცველები და მხარდამჭერები ცდილობენ მძიმე ფონის შექმნას, რათა გავლენა იქონიონ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მათი ყველა განცხადება ამ საკითხზე სპეკულაციაა.

„2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველის“ მიერ. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში.

2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა 2022 წლის 21 ნოემბერს განაცხადა, რომ არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა „უადგილო“.

2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლაზე განცხადება გააკეთა მსჯავრდებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ სჯეროდა, რომ აღნიშნული „პოსტი“ დაწერილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა, თუმცა, მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ ამ ადვოკატმა მალევე დაადასტურა განცხადების ავთენტურობა.

2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.

2022 წლის 2 დეკემბერს ტვ „პირველის“ ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მ. სააკაშვილი იყო მოწამლული. მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კონფიდენციალური დასკვნის შესახებ, რომლის გარკვეული ნაწილები, ასევე, ორკესტრირებულად გასაჯაროებული იყო ტვ „ფორმულას“ მიერ, უნდა იმსჯელოს სასამართლომ. სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია.

კატეგორიულად მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს”. – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....