„ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზელენსკიმ კარგად არ იცის საქართველოს შიდა საქმეები.
„საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის. თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ჩამობრძანება, საზღვრის გადმოკვეთა და ინსინუაციები, მაგალითად, არაჟნები და ჩანაწერები, თითქოს გატაცებას აქვს ადგილი და მსგავსი ტიპის სიმულაციები. თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.
შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომელსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მიძრაობასთან“ მიმართებით. ამიტომ, პირადად მე არ მიკვირს, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულებები ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისაკენ მოუწოდა.