საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ანუ 11 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 73.1%-ით გაიზარდა.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია.
ექსპორტი 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (და გაზრდილია 31.8%-ით), ხოლო იმპორტი 12 მილიარდ აშშ დოლარს (32.4 პროცენტით მეტია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში 6.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.
ამ პერიოდში უმსხვილეს საიმპორტო სამეულში შედიან:
1. თურქეთი – 2.14 მილიარდი აშშ დოლარი (სრული იმპორტის 17.9%),
2. რუსეთი – 1.6 მილიარდი აშშ დოლარი (სრული იმპორტის 13.4%),
3. ჩინეთი – 1.02 მილიარდი აშშ დოლარი (სრული იმპორტის 8.5%).
ამასთან, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, 2022 წელს ყველაზე მეტად იმპორტი რუსეთიდანაა გაზრდილი – 73.1%-ით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 8.9%-ით არის გაზრდილი.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტმა 11 თვეში 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მონაცემებში ყველაზე დიდი წილი მოდის ნავთობზე/ნავთობპროდუქტებზე – 561.8 მლნ დოლარი, რაც რუსეთიდან იმპორტის 34%-ს შეადგენს.
აღსანიშნვია, რომ გასულ წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 123.8 მლნ დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის/ნავთობპროდუქტების იმპორტი აშშ დოლარებში 4.5-ჯერაა გაზრდილი.