დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ჩართულია უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაში, შეიმუშავა საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა.
კერძოდ, მათ აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებზეც თანამგზავრულ რუკაზე მითითებულია მიმართულება და შეტევაზე უშვებენ ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, „ვაგნერის“ მეთაურები კი, თავშესაფრებში სხედან და დრონების მეშვეობით აკონტროლებენ იმას, რომ დაქირავებულებმა მითითებულ კურსს არ გადაუხვიონ. მათ, ვინც წინასწარ განსაზღვრულ გეზს ნებართვის გარეშე შეიცვლის, სიკვდილით დასჯა ემუქრება.