სამმა პარტიამ – „სტრატეგია აღმაშენებელმა“ , „დროამ“ და „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ – ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.
მათ თქმით, საქართველომ რუსეთისგან პროპარაციები უნდა მოითხოვოს, თუმცა მთავრობა დუმს.
„პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით, კობახიძე, პრორუსული ქართული ოცნების ხელმძღვანელი, არაფერს ამბობს – 10 წლის განმავლობაში ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანია რა თქვა პროკურორმა – საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ბრალიც კი არ იქნა წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებაში, მეორე – მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო, ან სამშვიდობოების დაბომბვა დაიწყო ქართულმა მხარემ, ყველაფერი ეს გაქარწყლდა და ცალსახად და მკაფიოდ დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალეულობაა დადგენილი. რა უნდა ხდებოდეს ამის შემდგომ: პირველი, გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში, მეორე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს და არა მხოლოდ, იმ სიცოცხლეების საფასურად, რომელიც შეეწირა საქართველოში რუსულ აგრესიას. მე ხელში მაქვს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინაა მიღებული და აქ არაფერია ნათქვამი საქართველოზე, რიტორიკულად მაინც დავუსვათ ამ ანტიქართველებს – აპირებენ თუ არა მსგავსი ტიპის რეზოლუციის მიღებას საქართველოსთან დაკავშირებით.
მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ ერთის მხრივ, ზიანის ანაზღაურება, არა მხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად იყოს განხორციელებული რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი”, – განაცხადა ვაშაძემ.