ჩვენ უკვე ვამზადებთ სპეციალურ სამიტს ამ ზამთარში, სამიტი მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება, იმავე აგრესიას და ტერორს დაექვემდებაროს, რომელიც რუსეთმა ჩვენს მიწაზე შემოიტანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, 10-პუნქტიან უკრაინის მშვიდობის ფორმულას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა შეუძლია.
„უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის ათი ნათელი პუნქტი, რომელსაც შეუძლია, შექმნას გლობალურად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაც მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას, მთელ ჩვენს ხალხს თავისუფლებას დაუბრუნებს და რაც იქნება სხვა ხალხების თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან პარტნიორებს მოუწოდა, გამოიჩინონ ლიდერობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის, ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს რუსეთი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.