ხულოში, დიოკნისის თემის სოფელ იაკობაძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძარი წუხელ, 15 დეკემბერს გაუჩნდა სახლს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან. აღნიშნული ოჯახი მეორედ გახდა ხანძრის მსხვერპლი, მათ სახლი 2014 წელსაც დაეწვათ.
„ბათუმელები“ ესაუბრა ხულოს მერის წარმომადგენელს დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ კახაძეს. მისი თქმით, ამჟამად აგვარებენ ადმინისტრაციულ საკითხებს ოჯახის დროებით გადასაყვანად და ასევე, ოჯახს დაეხმარება მთავრობა.
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სარეზერვო ფონდიდან გასცემს თანხას. 2021 წლამდე საცხოვრებელი სახლის მთლიანად დაწვის შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფოსგან კომპენსაციას 15 ათას ლარს იღებდა, 2022 წლიდან თანხა გაიზარდა და 20 ათასი ლარი გახდა.