საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „ვივა მედის“ პერსონალს და, განსაკუთრებით, დირექტორს, ნინო ნადირაძეს მადლობას უხდის. მისი თქმით, აღნიშნული კლინიკის ექიმები ზრუნავენ პატიენტ სააკაშვილზე.
„მადლობა მინდა, სხვათა შორის, ქალბატონ ნინო ნადირაძეს, ვუთხრა. ძალიან კარგი იყო მისი ჩართვა გუშინ. საერთოდ ამ ,,ვივა მედის” ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ, იმ პერსონალის, რომელიც ყოველდღე მასთან არიან, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ.
ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მიშას პერსონალის მიმართ და პერსონალს მიშას მიმართ. ამის მომსწრე მე ვარ და ამ თემებზე სპეკულაცია ზედმეტია.
მიშას აგრესია იქიდან მომდინარეობს, რომ სრულიად უსამართლოდ ზის, სრულიად უსამართლოდ იტანს ამ ყველაფერს – განაცხადა გიული ალასანიამ.