ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხიდაშელი სამარცხვინო მინისტრია“: ის პრემიერთან მივიდა და ჩემი გადაყენება თხოვა

„ქალბატონი ხიდაშელი მივიდა ბატონ პრემიერთან და კატეგორიულად ჩემს გადაყენებს სთხოვს. კანცელარიაში მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე და დამიდასტურეს“ – ამის შესახებ  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან და მისმა თანამოაზრეებმა, მოძრაობა „ეროვნულებმა“, პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორება შეიტანეს, იმის თაობაზე, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება აკრძალულიყო, სწორედ ამის გამო იყო მთავარი წინააღმდეგობა.

„უკვე ნათლად ჩანს, რომ რესპუბლიკელები და მისი თანამზრახველები ფაქტობრივად შანტაჟის გზით ცდილობენ, რომ კოალიციაში სადავეები ხელში დაიჭირონ. მე ამის მომთმენი არ ვარ. არაერთხელ მითქვამს, რომ წყალსაც წაუღია ყველანაირი თანამდებობა. სულ არ მაინტრესებს ვიქნები თუ არა თანამდებობაზე. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ გოგი თოფაძემ გუშინ აბსოლუტურად ყველაფერი სიმართლე თქვა. იგივეს, ჩემთან საუბარში ამბობს საქართველოს მთავრობის 90%. ისინი პირდაპირ მოღალატეებს უწოდებენ „რესპუბლიკურ პარტიას“. დღეს, პარალელურად გამოდიან და ვითომ მათი დამცველები არიან. მე ნამდვილად აღარ ვაპირებ „რესპუბლიკელებთან“ ერთად ერთი გზით სიარულს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე ამაზრზენ ხასიათს იღებს“ – განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე ილაპარაკა თინა ხიდაშელის გარშემო ატეხილ სკანდალზე, რომელიც „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ გააჟღერა და აღნიშნა, რომ ის ამ ფაქტის შესახებ მასალებს გაეცნო და დარწმუნდა, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნები მართლაც გააყალბა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკელები“ ის ძალაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა იყოს.

„თინა ხიდაშელი კი სამარცხვინო თავდაცვის მინისტრია. გუშინწინ მომიტანეს ეს მასალები, დავრწმუნდი, რომ მან ირმა ინაშვილს პირდაპირ წაართვა მოგებული არჩევნები. იმის გულისთვის ვიბრძოდით 2012 წელს, რომ არჩევნები აღარ გაყალბებულიყო. თუ ის და მისი  თანამზრახველები არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. დიახ, თინა ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა და ამითი უნდა ჯერ ცესკო და შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. თუ ჩვენ გვინდა რომ სამართლებრივ ქვეყანაში ვიცხოვროთ და თუ ჩვენ გვინდა, რომ „ნაციონალების“ გზას გავყვეთ, მე არ ვაპირებ მათი გზით სიარულს“ – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საუბარია გოგი თოფაძის მიერ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მან განაცხადა, რომ თინა ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, 2015 წლის ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

„ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა,“ – განაცხადა გაზეთთან საუბარში გოგი თოფაძემ.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....